ივანიშვილს ზურაბიშვილის გამარჯვება პირველივე ტურში სურს
ყოფილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს. მან ეს განცხადება 25 ოქტომბერს ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით შეხვედრაზე გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ მოახლოებული არჩევნები „მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე“ ჩაივლის და რომ ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში მოიგებს.
მან განაცხადა, რომ „ძალიან დიდი ალბათობაა“ იმისა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა დასძინა, რომ მეორე ტურის მინიმალური შანსიც არსებობს. ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეჭვი არ არის იმაში, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი“.
ივანიშვილმა განმარტა, რომ ორ ოპოზიციურ კონკურენტს – გრიგოლ ვაშაძესა (ძალა ერთობაშია) და დავით ბაქრაძეს (ევროპული საქართველო) მეორე ადგილზე გასვლის „თითქმის თანაბარი შანსი აქვს“.
ივანიშვილმა ქართული ოცნების ამომრჩევლებსაც მიმართა. „პირველივე ტურში დავამთავროთ ეს არჩევნები, დავაცხროთ ემოციები და კიდევ ვთხოვდი ქართული ოცნების ამომრჩევლებს მაქსიმალურ მობილიზებას, გადადონ გვერდზე ის კითხვის ნიშანი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ქართული ოცნების წევრი“, – განაცხადა მან.
„ამავდროულად, ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, რომლებმაც მოახერხეს განაწყენება და საკუთარი მიზეზიც ჰქონდათ, ხშირად ქართული ოცნების აქტიური წევრების შეცდომით ან სხვა ობიექტური ფაქტორებით, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, გავერთიანდეთ და სწრაფად დავამთავროთ ეს არჩევნები“, – განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა.
ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი შეხვედრა სპორტის სასახლეში გაიმართა და მას ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის, მთავრობის წევრები, დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)