ზაზა სარალიძე დააკავეს

გასულ წელს, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც პარლამენტის შენობის წინ უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციებს მართავს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დღეს დააკავეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ამინდის გაუარესების გამო, ზაზა სარალიძე წვიმისგან დასაცავად, თავშესაფრის მოწყობას ცდილობდა, მაგრამ სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ზაზა სარალიძე ერთ-ერთ პოლიციელს ჯოხს ურტყამს. ინციდენტი ზაზა სარალიძისა და კიდევ ორი პირის დაკავებით დასრულდა.

მომხდარზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების განმარტებით, ზაზა სარალიძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას“ გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

უწყებისავე განმარტებით, აქციის კიდევ ორი მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც ჯარიმას ან 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს.

არასამთავრობოების გამოხმაურება

ზაზა სარალიძის დაკავებას 26 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და განმარტეს, რომ „ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია“. „შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 19 ორგანიზაცია აწერს.

არასამთავრობოები მთავარ პროკურატურას ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა „მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში“, ზაზა სარალიძის მიმართ კი, „ჰუმანური და სამართლიანი“ მიდგომების რეკომენდაციით მიმართა. არასამთავრობოებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს და უწყებას მშვიდობიანი შეკრებების დროს, „კარვების/სხვა კონსტრუქციების გაშლის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკის“ შეცვლისკენ მოუწოდეს.

ამბის პრეისტორია

ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის 31 მაისს, საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. სასამართლომ მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. თითქმის ორკვირიანი პროტესტის შემდეგ, ზაზა სარალიძემ ხელისუფლებას საქმის სათანადო გამოძიებისთვის გარკვეული დრო მისცა და საპროტესტო აქციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

პარლამენტის წინ აქციები 11 სექტემბერს კვლავ განახლდა. აქციების დროს, ზაზა სარალიძემ კარვის გაშლა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს, რასაც მასსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

სახალხო დამცველის გამოხმაურება

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე, პოლიციის მიერ კარვის, გაშლის შეზღუდვას, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ „სამწუხაროა, რომ აქციის მონაწილეებს კვლავ ერთმევათ დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობა, რაც შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას წარმოადგენს“.

16 ოქტომბერს სახალხო დამცველმა „საპროტესტო აქციების დროს კარვების გამოყენების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, სასამართლოს კი, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა”.

ომბუდსმენის განმარტებით, „ქვეითთა სამოძრაო ტერიტორიაზე აქციების და მანიფესტაციების გამართვისას, კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების ამკრძალავი ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში არ მოიპოვება“, თუმცა სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეების ეს უფლება მაინც იზღუდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)