ივანიშვილი ქართული ოცნების ერთიანობის გაძლიერების პირობას დებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ნაციონალურ ტელევიზიებთან ინტერვიუებს განაგრძობს. ამჯერად, ივანიშვილმა ოთხი ტელევიზიის – „მაესტროს“, „იბერიას“, „პალიტრანიუსის“ და „ობიექტივის“ კითხვებს უპასუხა.
ივანიშვილმა მაუწყებლებს ინტერვიუს ჩაწერა 24 ოქტომბერს მას შემდეგ შესთავაზა, რაც წინა დღით, სამ წამყვან ტელეკომპანიასთან მისი ინტერვიუ შედგა. დღევანდელ ინტერვიუზე ტელეკომპანები „კავკასია“ და „რუსთავი 2“-იც იყვნენ მიწვეულები, თუმცა მათ მისვლაზე უარი განაცხადეს. თავდაპირველად, ინტერვიუში მონაწილეობაზე ტელეკომპანია „იბერისას“ მენეჯმენტმაც უარი განაცხადა, თუმცა ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი ინტერვიუს დამოუკიდებელი ჟურნალისტის რანგში დაესწრო.
უკეთესი მენეჯმენტი მმართველი პარტიისთვის
წინა ინტერვიუს მსგავსად, ივანიშვილმა დღესაც მმართველ პარტიაში დაბრუნების მიზეზებსა და ქართული ოცნების გაძლიერების გეგმებზე ისაუბრა. „დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა არის უაღრესად რთული, ამას სჭირდება ძალიან ძლიერი გუნდი და ამ ფორმით მართულ ხელისუფლებას დაეტყო, ჯერ გუნდში ვერტიკალი იყო სუსტი და ეს მე რამდენჯერმე ვთქვი, მარჯვენამ არ იცოდა მარცხენა რას აკეთებდა გუნდის წევრებში, ამის რესურსი გუნდს არ გააჩნდა, იმდენად რთულია მართვა დემოკრატიული მეთოდებით“, – განაცხადა მან.
„საჭიროა ძალიან კარგი მენეჯმენტი გუნდის, ძალიან კარგი შერჩევა, უფრო გასუფთავებული შერჩევა გუნდში ლიდერების, ყველას თავისი ადგილის და ფუნქციის შესრულება და რაც მთავარია სინქრონიზაცია გუნდში“, – აღნიშნა მანვე.
ივანიშვილმა პარტიაში დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „თვითონ პარტიას, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, ერთ წელიწადში აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებ, ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ“.
„ამ ვერტიკალის გამყარებით დაიკარგება ეს უხეში ილუზია იმის, რომ ვიღაცებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სიტუაცია იოლად ამოაყირავონ“, – დასძინა მან.
მან სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის გაზრდის პირობაც დადო, მათ შორის ქართული ოცნების თემატური საბჭოებიდან კონსულტაციების გაწევის გზით. თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ კონსულტაციების გზით მოხდება და არა მისი „უფროსობის“ გზით.
„რუსთავი 2“ მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს
ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის სიცრუეს და მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს.
„მედიას აქვს უდიდესი და უმაღლესი უფლებები და ვალდებულებები იმისთვის, რომ მაქსიმალურად აკონტროლოს ხელისუფლება, მაქსიმალურად კრიტიკული იყოს ხელისუფლებისადმი და, რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაური იქნება, თუ პარლამენტის თუ პარტიის თავმჯდომარე, აუცილებლად მყისიერი რეაქცია უნდა ჰქონდეს, თუ იკვეთება თანამდებობის პირების მიერ კორუფციაში მხილება.
„რუსთავი 2“ აკეთებს პირიქით, ის ვერ ასრულებს და არ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მედიას ევალება. მასეთი ხელწერა, როგორითაც მოქმედებს „რუსთავი 2“, საშუალებას აძლევს, თუ ხელისუფლებაში არიან ასეთი ჩინოვნიკები, რომ თავისუფლად მიჩქმალონ საკუთარი დარღვევები“, – განაცხადა მან.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სიტყვისა და მედიის თავისუფლება, რაც მისი თქმით, ხელისუფლების „მთავარი მიღწევაა“, გარანტირებული იქნება ხელისუფლების მიერ, თუმცა იქვე დასძინა, რომ პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი“. „ჩვენ გვექნება მცდელობა, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი – სიცრუეს სიცრუე ვუწოდოთ და თუ არის სწორი კრიტიკა, მას ვუპასუხოთ, ან ვერ ვუპასუხოთ, თუ არ გვექნება საშუალება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას გახლეჩას ცდილობს
ივანიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პარტია „დესტრუქციულ“ პოლიტიკური ძალაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს საზოგადოების გასახლეჩად.
ის იმ ფარულ აუდიო ჩანაწერებსაც შეეხო, რომელშიც სავარაუდოდ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ბიძას, თემურ ალასანიას ესაუბრება, სადაც ისმის, რომ იგი მზადაა 1 მილიონი გადაიხადოს ქართული ოცნების ლიდერის მოკვლისთვის.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ჩანაწერების უტყუარობაში, მათი ავთენტურობის დადასტურებამდე ვერ დარწმუნდება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ კითხვები არ არსებობს, რომ ისინი „ამაზე წამსვლელები არიან“. „მაგრამ უკაცრავად და საზოგადოებას ვეტყვი, მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, ესე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
„მაგათ მაშინ ჰქონდათ [ამის შესაძლებლობა], მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მთელი სახელმწიფო ბერკეტი და ინსტრუმენტები, რომ ჰქონდათ… ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპროტესტო აქციები „პოლიტიზებულია“ და მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მართავს.
არასამთავრობო სექტორი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს
ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო სექტორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს, რამდენიმე ენჯეოს აქვს პრეტენზია, რომ რასაც უნდა თვითონ, არგუმენტების გარეშე, იმას იტყვიან და დაადანაშაულებენ ხელისუფლებას. თუ ხელისუფლება პასუხს გასცემს, ამას აფორმებენ სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლაში“.
ქართული ოცნების ლიდერმა ხანგრძლივად ისაუბრა „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის“ ეკა გიგაურის შესახებ, მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების „ლიდერი და კოორდინატორი“ უწოდა და ნაციონალური მოძრაობის მითითებებით მოქმედებაში დაადანაშაულა.
„მე რამდენჯერმე მას მინიშნებებით ვაჩვენე, რომ კარგი იქნება, რომ ის გავიდეს ამ სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ თავისი გამოსვლებით გიგაური ცდილობს, რომ ქვეყანა შიგნით და გარეთ „დააზიანოს“.
ივანიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გიგაურმა, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა (გიგაურს 2005-2008 წლებში სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა), იმ სპეცრაზმელებისთვის პრემიების გაცემას მოაწერა ხელი, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მიიღეს მონაწილეობა.
„თუ იცის, რომ ეს სწორია, რომ მან სპეცრაზმელებს ეს პრემიები გადაუხადა, მაგას რა უფლება აქვს, რომ საზოგადოებაში არის…ეკა გიგაურის იქ ყოფნა ძალიან აზიანებს ამ სექტორს“, – განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა.
„სად წავალ, რას გავაკეთებ და რას ვიტყვი, ეს ივანიშვილის საქმე არ არის და არც არასოდეს იქნება. ვურჩევდი, რომ მსგავს რიტორიკას შეეშვას, რადგანაც არასამთავრობო სექტორის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, პირველ რიგში, ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს“, – წერს გიგაური.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)