საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო
საქართველოს მასშტაბით 3 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი დღეს ზუსტად დილის 8 საათზე გაიხსნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს.
ცესკოს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება. მონაცემები პარალელურ რეჯიმში ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთება.
საპრეზიდენტო კანდიდატები
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს. 1991 წელს ჩატარებული პირველი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, წელს ყველაზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების წინასწარ განსაზღვრა რთულია, საპრეზიდენტო არჩევნებში სამი მთავარი კანდიდატი მაინც გამოკვეთილია. ესენია: ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებული ოპოზციის – ძალა ერთობაშიას კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, რომელიც არჩევნებში ევროპულია საქართველოს სახელით მონაწილებს.
კანდიდატი პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოცხადდება, თუ ის ხმების 50 %-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუკი ხმების ნახევარზე მეტს ვერცერტი კანდიდატი მიიღებს, მეორე ტური დაინიშნება.
ახალი პრეზიდენტის უფლებები
ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. ამის შემდეგ, ქვეყანა ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება. ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, სახელმწიფო მეთაურს ხუთი წლის ვადით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
ახალი კონსტიტუციით:
- პრეზიდენტი კვლავ რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. თუმცა, მას აღარ ევალება, რომ „კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირება“;
- პრეზიდენტი კარგავს უფლებას, რომ „მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა მოითხოვოს და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში“;
- ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც „სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის“ იქმნება და რომელსაც, წინა კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, აღარ იარსებებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)