დავით ბაქრაძე გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებს
ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე არჩევნებში დამარცხებას აღიარებს და მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მხარდაჭერას გაერთიანებული ოპოზიციის – “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს. მანვე საკუთარ ამომრჩეველს ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბატონი ვაშაძე, ჩვენ მას დავუჭერთ მხარს და მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს დაუჭირონ მას მხარი“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ევროპული საქართველო რამდენიმე თვის წინ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ძალისხმევით, ნაციონალურ მოძრაობასთან გაფორმებულ მემორანდუმს იცავს, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში ერთმანეთის კანდიდატების მხარდაჭერას გულისხმობს.
ბაქრაძის განცხადებას სპეციალური ბრიფინგით უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ და მას გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „რამდენიმე წუთის წინ ბატონ დავით ბაქრაძეს დავურეკე, ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი ამ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გამოჩენილი იყო და დავარწმუნე, რომ ეს მთლიანად ოპოზიციის გამარჯვებაა“, – განაცხადა მან.
ევროპული საქართველოს მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერას, Facebook-ის პირდაპირი ჩართვის მეშვეობით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და ევროპულ საქართველოს და მის საპრეზიდენტო კანდიდატს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ბაქრაძეს და ევროპულ საქართველოს ძალიან ვაჟკაცური საქციელისთვის. ყოჩაღ მართლა ბაქრაძე. ბაქრაძის გამოცხადება ეგრევე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, რომ პირველი ტურის გამარჯვებული არის ვაშაძე და ისინი მხარს დაუჭერენ ბაქრაძეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ისევ ერთიანდება, როგორც ვარდების რევოლუციის დროს. ეს ნიშნავს, რომ შანსი არ არის მეორე ტურში ჩვენი დამარცხების“, განაცხადა მან.
მანვე სხვა ოპოზიციური კანდიდატების, მათ შორის შალვა ნათელაშვილის მხრიდან ასევე მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. მისივე თქმით, „ხალხმა დაიჯერა, რომ შესაძლებელია ამ ურჩხულის, ამ მონსტრის, ამ მართლაც საზიზღარი მოვლენის, ივანიშვილის დამარცხება, თავისი ყალბი ქალბატონით“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)