საერთაშორისო დამკვირვებლები: არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები „კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული“, ხოლო კენჭისყრის დღემ „პროფესიონალურად მაღალ დონეზე, მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ“ ჩაიარა, ნათქვამია ხუთი საერთაშორისო ორგანიზაციის არჩევნების წინასწარ შეფასებაში.
ერთობლივი განცხადება ხუთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მიერ ერთობლივი სადამკვირვებლო საქმიანობის შედეგია.
ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ „კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, ამომრჩევლებმა კი საკუთარი არჩევანის გაკეთება შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შეინიშნა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიაში სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მონაწილეობის შემთხვევები“.
კამპანიის საკითხზე საუბრისას, სადამკვირვებლო მისიებმა განაცხადეს, რომ „არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია და მათ მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია. თუმცა, OSCE/ODIHR დააკვირდა „წინასაარჩევნო ღონისძიებების ხელის შეშლის, აგრეთვე პარტიის ოფისებისა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალების დაზიანების მრავალ შემთხვევას“.
ორგანიზაციებმა ასევე განაცხადეს, რომ მართალია მედიასაშუალებებმა საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ „საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებამ, ნეგატიურმა კამპანიამ, მწვავე რიტორიკამ და მკვეთრად პოლარიზებული მედიის მიერ მომზადებული ანალიტიკური ანგარშების ნაკლებობამ, ამომრჩეველს სრულყოფილად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა შეუზღუდა“.
ორგანიზაციებმა კანდიდატების დაფინანსების საკითხიც შეაფასეს და აღნიშნეს, რომ „შემოწირულებებს შორის არსებული საგრძნობი სხვაობა და ხარჯვის მეტისმეტად დიდი მაჩვენებლები ხელს უწყობდა არათანაბარი საასპარეზო მოედნის ჩამოყალიბებას“.
„ამ არჩევნებში საქართველომ დემოკრატიის დონის სიმწიფე წარმოაჩინა. აღნიშნული ფაქტი ზრდის შემდგომ მოლოდინებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ მიღწევებზე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს უზუსტობები დაკავშირებული წინასაარჩევნო კამპანიის გარემოსთან, კამპანიის ფინანსებთან და, ზოგადად საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ქრისტიან ვიგენინმა, სპეციალურმა კოორდინატორმა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელმა.
„ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას მეორე ტურში და ხალხის ნება სრულად იქნება გამოხატული“, – აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)