მთავრობა: სომხეთი ლორეში შემოიჭრა; შვეცია, დანია, შვეიცარია საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობენ;
1918 წლის ოქტომბერი ტკბილ-მწარე აღმოჩნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის. ოქტომბერში, ომის სასწორის ანტანტის მხარეს გადახრამ და კავკასიიდან ოსმალური ჯარების გასვლამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამხრეთ კავკასიის ბედზე. ბორჩალოს მაზრის ლორეს უბნის სამხრეთი მონაკვეთი, რომელიც ოსმალეთმა საქართველოს დროებით დაათმობინა აზერბაიჯანთან სახმელეთო დერეფნისათვის, თურქულმა მხარემ იქაურობის დატოვებისას სომხეთის მთავრობას გადასცა და არა – საქართველოს. სომხეთმა დაიკავა სოფელ კობერის მიდამო. 18 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ კობერისკენ გაგზავნილმა 250-მა სამხედრომ, სომხურ ჯარს უკან დაახევინა, თუმცა სომხურმა მხარემ არ შეასრულა ქართული მხარის ულტიმატუმი სამხრეთამდე, სადგურ შაგალისკენ გადაენაცვლებინა. 23 ოქტომბერს სომხური ჯარი თავს დაესხა მახლობლად, სოფელ ქარინჯში განთავსებულ გერმანულ გარნიზონს. 25-27 ოქტომბერს გაცხარებული ბრძოლა გაიმართა ქარინჯთან, სადაც გამარჯვება წილად ქართულ-გერმანულ ჯარებს ხვდათ, ამდენად სომხეთის პირველი მცდელობა ლორეს შეერთებისა, წარუმატებლად დასრულდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ოქტომბრის შეტაკებები დეკემბრის ქართულ-სომხური ომის რეპეტიცია გამოდგა.
თბილისში, სასახლეში, 26 ოქტომბერს გაიმართა პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელიც ქართულ-სომხურ კონფლიქტს მიეძღვნა. სხდომის ბოლოს, მთავრობამ დამსწრეთ განუცხადა შვედეთის, დანიისა და შვეიცარიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. გთავაზობთ გაზეთ ერთობის შთაბეჭდილებებს საგანგებო სხდომიდან, სადაც სომხეთთან სამხედრო დაპირისპირების მწუხარება მოულოდნელად დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოთა მიერ საქართველოს აღიარების სიხარულმა ჩაანაცვლა.
(„ერთობა“, 29 ოქტომბერი, 1918, N 232)
შთაბეჭდილებანი
სომეხ-ქართველთა ურთიერთობის საკითხი საქართველოს პარლამენტში
მეტად მძიმე შთაბეჭდილების ქვეშ გაიხსნა 26 ოქტომბერს საღამოთი, პარლამენტის საგანგებო სხდომა. თეთრ დარბაზში აუარებელ გარეშე ხალხს მოუყრია თავი. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი, სეირისთვის საყურებლათ მოსული ხალხი. ყველას ღრმა დაფიქრების ბეჭედი აზის სახეზე. ყველა გრძნობს, რომ რაღაც არაჩვეულებრივი ხდება ჩვენს გარშემო. ღრმად არიან ჩაფიქრებულნი დეპუტატებიც.
ყველანი სულგანაბულნი მოელიან მთავრობის წარმომადგენლის განმარტებას.
მთავრობის წარმომადგენელი დინჯი და საქმიანი კილოთი მოუთხრობს პარლამენტს იმ ავანტიურის ამბავს, რომელიც სომხის ჯარის მოულოდნელ თავდასხმაში გამოიხატა. მეტად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს მთავრობის განმარტება: იქ ადგილი არა აქვს ცარიელ სიტყვებს და დიპლომატიურ ორპირობას. დემოკრატიას ღირსეულათ უყვარს თავისი სამშობლო, ის ერიდება სხვების დაჩაგვრას, მაგრამ სამაგიეროთ მზად არის უკანასკნელ შესაძლებლობამდი ებრძოლოს გათავხედებულ მტრებს. მთელი პარლამენტი და მოსული საზოგადოებაც გრძნობდა ამას და ამიტომ იყო, რომ ყველა ასე მოკრძალებით უგდებს ყურს მთავრობის წარმომადგენელს. ვგრძნობდი, რომ ჩვენ ვეჩვევით საკუთარ ფეხზე დგომას და ვერავითარი ინტრიგა ვერ გადაგვაგდებს ამ გზიდან, თუ რასაკვირველია, რომელიმე მოუხეშავმა გარე ძალამ არ მოგვისპო თავისუფლება.
მეტად საინტერესო იყო პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციების გამოსვლა: 26 მაისს შემდეგ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ჩვენს პარლამენტს არ მიუღია ასეთი სადღესასწაულო ელფერი, სასახლის თეთრ დარბაზში არ გვიგრძვნია ასეთი ერთსულოვნება ფრაქციათა შორის. ეტყობა, ამ მომენტის სიდიადე თვით დამოუკიდებელმა ნაციონალ-დემოკრატებმაც კი იგრძნეს, რის გამო დიდი მორცხვობა ემჩნეოდა ბ. ვეშაპელს, რომელმაც ჩვეულებისამებრ აქაც დისონანსი შეიტანა საერთო განწყობილებაში, მაგრამ როცა სოციალ-დემოკრატიას და დემოკრატიულ მთავრობის ნაბიჯებს იწუნებდა, ჩვეულებრივი ვეშაპელისებური რიხი და გამბედაობა აკლდა.
მაგრამ ნაციონალ დემოკრატების გამოსვლა იმდენათ არავის აინტერესებდა, რამდენათაც დაშნაკცუთიუნის ფრაქციის პასუხი. ყველა მოუთმენლად მოელოდა მათს სიტყვას, ყველას უნდოდა გაეგო, რას იტყვის საქართველოს ტერიტორიაზე მომქმედი პარტია დაშნაკცუთიუნისა! შესძლებს თუ არა ის საქვეყნოთ დაჰგმოს სომხეთში მყოფ ამხანაგების მოღალატური ნაბიჯი, თუ აქაც გაიმეორებს იმ სტუმრის ამბავს, რომელმაც მამალი მოიპარა და, თუმცა ნაქურდალს კუდი უჩანდა, მაგრამ პატრონს მაინც ეფიცებოდა, არა ვიცი რაო.
დაშნაკცუთიუნის წარმომადგენელმა კარგათ შეასრულა თავისი როლი: მან სიტყვა ბანზე ააგდო და კერძო პირების ავანტიურათ გამოაცხადა სომხის ჯარის ჩვენს საზღვრებში შემოჭრა. მაგრამ ნათქვამია ეშმაკი ჩიტი ორთავე ფეხით გაებმის მახეშიო. დაშნაკელების ორატორს რამდენიმეჯერ უღალატა ენა და ათქმევინა: „თქვენი მთავრობაო“, თუმცა ორატორმა გაასწორა: „ჩვენი მთავრობაო“, ამან დარბაზში მხოლოდ სიცილი გამოიწვია.
ამიერიდან ჩვენ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე დაშნაკელების სახით.
სხდომის დასასრული ნამდვილი აპოთეოზი იყო: მთავრობამ გამოაცხადა, რომ შვეციის, დანიის და შვეიცარიის მთავრობებს უკვე უცვნიათ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და დიპლომატიური წარმომადგენლები დაუნიშნავთ; ინგლის-საფრანგეთის და სხვა სახელმწიფოების ელჩებს თავს უდვიათ თავიანთ მთავრობას მოელაპარაკონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მათაც სცნონ.
ამ ცნობას პარლამენტი აღტაცებით შეხვდა.
და ამ რიგათ პარლამენტის საგანგებო სხდომა სრულიათ მოულოდნელათ გადაიქცა დიდ პოლიტიკურ ზეიმათ.
ელ.