სალომე ზურაბიშვილი: „მზად ვართ მეორე ტურისთვის“

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოხატა. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებიდან ორღიანი დუმილის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და არჩევნების შედეგებისა და მეორე ტურის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა.

მზად ვართ მეორე ტურისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საკუთარ საარჩევნო შტაბში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. შტაბში მასთან ერთად ქართული ოცნების ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

ზურაბიშვილის ბრიფინგს წინ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციები უძღოდა. პარტიის ოფისში იმყოფებოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგის გამართვა სწორედ მასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა.

ზურაბიშვილმა საკუთარ ამომრჩეველსა და აქტივისტებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მიუხედავად ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას“, პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება.

როგორც მან აღნიშნა, რუსთავი 2 ხალხს აჯერებს, რომ, შესაძლოა, მან კანდიდატურა მოხსნას, მაგრამ ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა და მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? – არა!“.

მგონი არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ, მზად ვართ, მზად ვართ ხომ – მეორე ტურისთვის? მზად ვართ ბრძოლისთვის“, – მიმართა ზურაბიშვილმა მის გვერდით მყოფ ქართული ოცნების ლიდერებს.

საპრეზიდენტო კანდიდატის შეფასებით, დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო – ეს არის არჩევანი, ეს არის მეორე ტური და ჩვენ ეს არჩევანი უნდა ერთად გავაკეთოთ“.

მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ მხარეს არის ევროპა, ჩვენ მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად გამარჯვებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საპრეზიდენტო კანდიდატს მედიის კითხვებისთვის აღარ უპასუხია.

ბრიფინგის შემდეგ, კომენტარი ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით, ცესკოს გადაწყეტილებას ელოდება. ქართველ ხალხთან ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით“, – განაცხადა მან. გუშინ, საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას, თბილისის მერი ამბობდა, რომ ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ პარტიამ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიადტმა გრიგოლ ვაშაძემ კი 37.74 %.

This post is also available in: Русский (რუსული)