სააკაშვილი: არ ვაპირებ ვაშაძეს შეწყალებისთვის მივმართო
ექს-პრეზიდენტმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ის მისთვის შეწყალებისთვის მიმართვას არ აპირებს.
სააკაშვილმა ეს განცხადება 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა ვაშაძის მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობაზე მიანიშნა.
სააკაშვილის თქმით, „მე არავის შესაწყალებელი არ მჭირს, არც მარგველაშვილისთვის მიმიმართია შეწყალებაზე და არც პრეზიდენტ ვაშაძეს ვაპირებ მივმართო შეწყალებაზე…მე არცერთი დანაშაული არ მიმიძღვის საქართველოს წინაშე, გარდა იმისა, რომ ავაშენე ქართული სახელმწიფო“.
„მე არ ვაპირებ შეწყალების თხოვნას… მე ვაპირებ ჩემი უფლებების სამართლებრივად დაცვას, როდესაც საქართველოში იქნება ნორმალური სასამართლო“, – დასძინა მან.
სააკაშვილმა იმ ყოფილ მაღალჩინოსნებზეც ისაუბრა, რომლებიც ამჟამად სასჯელს იხდიან და აღნიშნა, რომ ვაშაძემ უნდა მოისმინოს პროკურატურის პოზიცია და შემდეგ მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება. „იქნებ მართლა აღმოჩნდეს, რომ ვიღაცა არის მწამებელი, ვიღაცა არის ცივსისხლიანი მკვლელი, ვიღაცას აქვს რაღაც ცოდვები, რაზეც ჩვენ არ ვართ ინფორმირებული, პრეზიდენტი ვაშაძე არ არის ინფორმირებული“, – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
მანვე განაცხადა, რომ ის საქართველოში რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკასა და საარჩევნო კამპანიაში მხოლოდ იმიტომ რჩება, რომ დაეხმაროს ქვეყანას, „გამოვიდეს ამ მძიმე კრიზისიდან“.
სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძესაც შეეხო და მას „დიდი ქართველი“ უწოდა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაშაძეს მხარს კოალიცია უჭერს, რომელიც ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოში და ბევრად უფრო დიდი ვიდრე სააკაშვილი.
მან სალომე ზურაბიშვილის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას მორალური უფლება არ აქვს, რომ ვაშაძე პრორუსულობაში დაადანაშაულოს. „ეს არის ის ქალი, რომელიც 8-9-10 აგვისტოს იჯდა პრორუსული არხების პირდაპირ ეთერში და ყვებოდა, რომ ამერიკა და საქართველო არის დამნაშავე ამ ომში, როდესაც რუსეთი დაგვესხა თავს და ამერიკამ გადაგვარჩინა მაშინ“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა მომავალ არჩევნებზე Facebook-ის პირდაპირ ჩართვაშიც ისაუბრა და ოპოზიციას ვაშაძის გამარჯვებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა. ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ფართო ოპოზიციური კოალიცია და მრავალპარტიული დემოკრატია სჭირდება.
მან მოსახლეობა დაარწმუნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ იქნება და მთავრობა მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვლება. „მათ არ ააქვთ არეულობის შექმნის ბერკეტი. უნდა წყნარად წავიდეთ არჩევნებზე და გავაცილოთ ეს ხალხი“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ასევე ივარაუდა, რომ ოპოზიციური კანდიდატი მეორე ტურში ხმების 70%-ს მიიღებს. „ბევრად მეტი ხალხი მოვა, ბევრად მეტი მხარდაჭერა გვაქვს და ნამდვილად არ მივცემ ივანიშვილს საშუალებას, მოიპაროს ეს არჩევნები“, – აღნიშნა მან.
მან პირობა დადო, რომ ხელისუფლების შეცვლას არ მოყვება საჯარო სამსახურების თანამშრომლების გათავისუფლება. „სახელმწიფო აპარატი უნდა შეეგუოს, რომ ვინც არ უნდა იყოს პოლიტიკურ ხელისუფლებაში, არავინ ჩინოვნიკს არ კიდებს ხელს, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო“.
- მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა 2004-2013 წლებში, ქვეყანა მისი მეორე ვადის დასრულებიდან მალევე დატოვა. 2015 წლის მაისში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქე გახდა და ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, რის შემდეგაც მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. სააკაშვილი გუბერნატორის თანამდებობიდან 2016 წლის ნოემბერში, პოროშენკოსთან ურთიერთობების გაუარესების გამო გადადგა, ოპოზიციაში გადავიდა და 2017 წლის დასაწყისში საკუთარი პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დააფუძნა.
- 2017 წლის ივლისში, აშშ-ში ვიზიტით მყოფ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, თუმცა იმავე წლის სექტემბერში, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინაში დაბრუნება შეძლო და ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესო აქციებს ჩაუდგა სათავეში. 2017 წლის დეკემბერში, უკრაინის ხელისუფლებამ მას ბრალი დანაშაულებრივი ჯგუფების მხარდაჭერასა და მათი კრიმინალური საქმიანობის დაფარვაში წარუდგინა და ორჯერ სცადა მისი დაპატიმრება, თუმცა სააკაშვილი ჯერ მხარდამჭერთა დახმარებით, შემდეგ კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. 2018 წლის თებერვალში უკრაინიდან მისი პოლონეთში დეპორტაცია მოხდა. ამჟამად, ის ნიდერლანდებში ცხოვრობს.
- საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს. ის აქტიურადაა ჩართული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. Facebook-ზე ჩართვებით და „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოჩენით ის გრიგოლ ვაშაძეს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)