ციხელაშვილი აფხაზეთსა და ცხინვალში ბავშვთა უფლებებზე საუბრობს
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 30 ოქტომბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბავშვთა უფლებების დარღვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მათ ხარისხიან განათლებაზე წვდომა არ აქვთ.
ციხელაშვილმა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებს „წართმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება და შესაძლებლობა“, როგორც სკოლებში, ისე ბაღებში.
მინისტრის თქმით, არც მასწავლებლებმა, არც მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა არ იციან რუსული ენა, რომელიც „უკვე რამდენიმე წელია ყველა სკოლაში მათ თავს ეხვევა“. მისი თქმით, ქართული ენის გაკვეთილი მათ კვირაში მხოლოდ ერთხელ უტარდებათ, რაც მისი თქმით, საკმარისი არ არის. მისივე განმარტებით, საუბარია არა ქართული ენის სწავლაზე, არამედ ქართულ ენაზე სწავლაზე.
ციხელაშვილს მიაჩნია, რომ გალის ქართული მოსახლეობა „ეთნიკური დისკრიმინაციის“ და „რუსიფიკაციის პოლიტიკის“ პირობებში ცხოვრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს „ძალიან მიზანმიმართული შეტევა ქართულ იდენტობაზე. ყველაფერთან ერთად, ადგილი აქვს მცდელობას, რომ ადამიანებმა გადაიკეთონ იდენტობა, გვარები და გრაფაში „ქართველი“ ჩაწერონ „აფხაზი“, იმისთვის, რომ წვდომა გაეხსნათ გარკვეულ უფლებებსა და შესაძლებლობებზე“.
შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მიესალმა რაიონის სკოლების იმ კურსდამთავრებულების მაღალ აკადემიურ მოსწრება მიესალმა, რომელთაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებში ჩააბარეს. მანვე აღნიშნა, რომ რაიონში სკოლის მოსწავლეების რაოდენობა მცირდება, მათ შორის ენობრივი ბარიერების გამო.
მინისტრის თქმით, შარშან გალში სასწავლო პროცესის მიტოვება და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა 50-მდე მოსწავლეს მოუხდა, რადგანაც იმ პირობებში განათლების მიღება მათთვის შეუძლებელი იყო. წელს მათი რაოდენობა 69-მდე გაიზარდა.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, 1990-იან წლებამდე გალის რაიონში 58 სკოლა იყო, მათ შორის 52 ქართული, 2 რუსული, 3 ქართულ-რუსული და 1 ქართულ-აფხაზური. გალში 1992-1993 წლების ომის შემდეგ დარჩენილი 31 ქართული სკოლა ეტაპობრივად რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა. 2015 წელს დარჩენილი 11 ქართული სკოლაც გაუქმდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს განაცხადა, რომ იმ 11 სკოლის სასწავლო პროგრამაში, რომლებიც ადრე მთლიანად ქართული სკოლები იყო, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. 1-4 კლასებში რუსული ენის სწავლება შემოიღეს, მოგვიანებით კი, სწავლება მთლიანად რუსულენოვანი გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)