კითხვა-პასუხი: ჩეჩნეთ-ინგუშეთის შეთანხმება და საპროტესტო აქციები ინგუშეთში
26 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში შემავალმა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკების ლიდერებმა რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიზანიც ორ სუბიექტს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ ორ სუბიექტს შორის საზღვარი, ამ დრომდე, ზუსტად განსაზღვრული არ იყო.
შეთანხმება ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში შედგა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, ინგუშეთმა და ჩეჩნებმა ერთმანეთში თანაბარი ზომის დაუსახელებელი მიწები გაცვალეს.
ინგუშეთისა და ჩეჩნეთის პრეზიდენტებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას ინგუშეთში მოსახლეობის ორკვირიანი პროტესტი მოჰყვა. პირველ ეტაპზე, მოსახლეობა გაფორმებული შეთანხმების გაუქმებას, შემდეგ კი, უკვე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა. ინგუში მოსახლეობა მიიჩნევდა, რომ ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილება ხალხთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიეღო.
გარდა ამისა, მოსახლეობა იმასაც ამბობდა, რომ ჩეჩნეთმა ინგუშეთისგან გაცილებით დიდი ზომის ტეროტორია მიიღო, ვიდრე პირიქით. საპროტესტო აქციების დროს, შეზღუდული იყო ინტერნეტზე წვდომა, რაც ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას აფერხებდა.
მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, შეთანხმება არ გაუქმდა და 16 ოქტომბერს ის ძალაში ოფიციალურად შევიდა. ამ დროისთვის, ინგუშეთში საპროტესტო აქციები უკვე დასრულებულია.
საკითხის შეფასება Civil.ge-მ ანალიტიკოსებს სთხოვა.
- ალეკო კვახაძე – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი
„ინგუშეთში განვითარებულ მოვლენებში უნდა გავითვალისწინოთ სამი განზომილება. უპირველს ყოვლისა, ეს არის ფედერალური ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობები. ბოლო წლებში, მოსკოვი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში ე.წ. „გარე მმართველობას“ აწესებს, რაც რესპუბლიკების საკვანძო თანამდებობებზე რუსეთის მიერ სხვა რეგიონების წარმომადგენლების დანიშვნას ითვალისწინებს. გამონაკლისი არც ინგუშეთის რესპუბლიკაა, სადაც მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრი არაადგილობრივი კადრია. მოსკოვის ამგვარი პოლიტიკა ბუნებრივია უკმაყოფილებას იწვევს ადგილობრივ ელიტებში.
მეორე განზომილება არის რეგიონულ ლიდერთა შორის ურთიერთობები. ამ შემთხვევაში, მხედველობაში გვაქვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვისა და მისი ინგუში კოლეგის იუნუს-ბეკ ევკუროვის ურთიერთობა. რამზან კადიროვი ერთის მხრივ, დიდი ამბიციებისა და განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე რეგიონული ლიდერია, მეორეს მხრივ კი, მან, ფაქტობრივად, საკუთარი კარიერის პიკს მიაღწია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ფედერალურ დონეზე ოდესმე დაწინაურდეს, გახდეს რომელიმე მინისტრი ან დაიკავოს რაიმე სხვა ფედერალური მასშტაბის თანამდებობა. ამიტომაც, ინგუშეთთან სადავო ტერიტორიების საკითხი მისთვის ერთგვარი „მცირე, მაგრამ გამარჯვების მომტანი არის“.
შეიძლება გავავლოთ პარალელები ყირიმის ანექსიასა და სადავო ტერიტორიების მისაკუთრებას შორის. კადიროვის ამბიციები სადავო ტერიტორიებით არ შემოიფარგლება. იგი წლებია ცდილობს ინგუშეთში გავლენების გაფართოებას. მაგალითად, ტერიტორიების გადაცემას წინ უძღოდა ინგუშეთის სასულიერო ლიდერების დაპირისპირება იუნუს-ბეკ ევკუროვთან, რაც ექსპერტების აზრით, კადიროვის მიერ იყო ინსპირირებული. კადიროვის ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი სულაც ჩეჩნეთისა და ინგუშეთის გაერთიანების წინადადებით გამოდიოდა. რაც შეეხება ევკუროვს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მესამე ვადით აირჩიეს, მისი ლეგიტიმაცია საკმაოდ დაბალია და იგი მთლიანად ფედერალური ცენტრის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მიწების გადაცემის გამო კი, მას ინგუში საზოგადოების ფართო სპექტრი დაუპირისპირდა. მის ადმინისტრაციაშიც კი, ყველამ არ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას. ზოგი ადგილობრივი მიმომხილველის ვარაუდით, ევკუროვმა კადიროვთან შეთანხმება კადიროვისა და ფედერალური ცენტრის ზეწოლის შედეგად მიიღო.
და ბოლოს, მესამე განზომილება არის ადგილობრივ ხალხთა შორის ურთიერთობა. აღნიშნულ დემონსტრაციებს არ აქვს ანტიჩეჩნური ხასიათი და რამზან კადიროვი აღიქმება როგორც ფედერალური ცენტრის და არა ჩეჩნეთის წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ 1992 წლის პრიგოროდნის რაიონის კონფლიქტის შემდეგ ინგუში ხალხი მტკივნეულად აღიქვამს ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხს. გაღიზიანება გამოიწვია იმანაც, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად საუბარი იყო ტერიტორიების თანაბარ გაცვლაზე, საბოლოოდ ჩეჩნეთმა მიიღო დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი, ხოლო ინგუშეთმა კი 1 500 ჰექტარი“.
- რევაზ ქოიავა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი
„ორი ენობრივად და ტრადიციებით ერთმანეთთან ახლოს მდგომი ვაინახი ხალხის კონფლიქტი გარკვეულწილად საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დროს ინგუშეთის ეთნოპოლიტიკურ განვითარებას უკავშირდება. ინგუშეთში არსებობს განცდა, რომ 70 წლის განმავლობაში, მათი ტერიტორია მუდმივად მცირდება, ხოლო ჩეჩნეთთან გაფორმებული შეთანხმება ამ ტენდენციის გაგრძელებას წარმოადგენს. განსაკუთრებით მტკივნეული ინგუში ხალხისთვის 1992 წელს პრიგოროდნის რაიონის ჩრდილოეთ ოსეთისთვის გადაცემა იყო, სადაც არის სოფელი ტარსკოე (ყოფილი ანგუშტი, საიდანაც მოდის სიტყვა ინგუში). ეს ტრავმა ინგუშებზე დღემდე გავლენას ახდენს.
პრიგოროდნის რაიონთან დაკავშირებით, ინგუშეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა ჩრდილოეთ ოსეთთან კომპრომისს მიაღწია. ამ კონტექსტში ჩეჩნეთთან „ტერიტორიების გაცვლა“ ბევრის მიერ განიხილება, როგორც „დანებების“ და „კაპიტულაციის“ პოლიტიკის გაგრძელება. ამის შესახებ მაგასში მიმდინარე მიტინგზე 1993-2001 წლებში რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რუსლან აუშევმა ისაუბრა. მანვე შეთანხმების დადების კულუარულ ხასიათს გაუსვა ხაზი და „ხალხთან კონსულტაცია“ მოითხოვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეთანხმების გაფორმების გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევკუროვისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალები აქტიურობენ.
ამასთან, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ბევრი უთანხმოება დაგროვდა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ორ შემადგენელ ნაწილს განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სპეციალიზაცია ჰქონდა. რადგანაც მაშინ პრიორიტეტი სამრეწველო და არა აგრარულ სექტორს ენიჭებოდა, თანამედროვე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე უკეთესი ინფრასტრუქტურა შეიქმნა. აქედან მასობრივ ცნობიერებაში ინგუშებთან შედარებით, ჩეჩნეთის პრივილეგირებულ მდგომარეობაზე წარმოიშვა წარმოდგენა. ამას დაემატა 2000-იანების ტენდენცია, როდესაც კადიროვების ხელმძღვანელობით ჩეჩნეთის რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურობის და განვითარების სიმბოლოდ იქცა.
საზღვრის მოვლენებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია რეგიონული პატრიოტიზმისა და ვაინახთა ერთიანობის დეკლარირებული იდეალის თანხვედრა. პროტესტების მხარდაჭერა ინგუშეთის მუფთის მხრიდან, რომელსაც გროზნოში ძლიერი მოკავშირეები ჰყავს, აჩვენებს, რომ ინგუშეთში პროტესტები ანტიჩეჩნურ ხასიათს არ ატარებს. მეორეს მხრივ, აღნიშნული დაძაბულობა აგვისტოში ჩეჩენი ძალოვანების პოსტის ინგუშეთის სასაზღვრო ზონაში გადატანით დაიწყო. თუ საზღვართან დაკავშირებული საკითხი გადაუწყვეტელი დარჩება, რელიგიურ ჯგუფებს, რომელთაც მომხრეები ინგუშეთშიც და ჩეჩნეთშიც ჰყავთ, რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერის გამოცხადება მოუწევთ, რაც მიმდინარე პროცესებში ისლამის როლს უფრო აქტუალურად აქცევს.
საპროტესტო აქციებს ინგუშეთის პარლამენტის დეპუტატებიც შეუერთდნენ. დღეს, რუსეთში პოლიტიკური ინსტიტუტების გამოღვიძებაზე ბევრს საუბრობენ, რომლებიც ავტორიტეტული მმართველობის დროს დეკორატიულ ფუნქციებს ასრულებენ. ცხადია, რომ ინგუშეთში მიმდინარე მოვლენები დიდწილად ემოციურ ფონზე ხდება და ინსტიტუტების გამოღვიძებაზე დასკვნების გაკეთება მხოლოდ ემოციების ჩაცხრობის შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუმცა აღნიშნული გამოცდილება მაინც მნიშვნელოვანია. აუცილებელია აღინიშნოს, რომ დეპუტატთა გააქტიურება მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო და არა მანამდე, როდესაც საზღვრის შესახებ შეთანხმება ტეიპებმა გააკრიტიკეს. დეპუტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხალხის მოთხოვნა აღმოჩნდა და არა საგვარეულო უხუცესების, რაც ჩრდილოეთ კავკასიისთვის უჩვეულო მოვლენაა“.
- სულხან ბორძიკაშვილი – კავკასიოლოგი, ჟურნალისტი
„ამჟამად, ინგუშეთში მიმდინარე პროცესები საკმაოდ საინტერესოა, რადგან აქ ჩვენ ვხედავთ ძალიან კარგად ორგანიზებულ საპროტესტო აქციას, რომელიც ცალსახად უნდა იყოს საკმაოდ გამოცდილი ხალხის მიერ ორგანიზებული, ამის შემჩნევა პირველივე შეხედვით შეიძლება.
მსგავსი მოვლენა ჩრდილო კავკასიისთვის ნამდვილად ახალია. იქ მსგავსი მასიური აქციების ჩატარების შესაძლებლობა რუსეთის ავტორიტარული მმართველობის პერიოდში შეუძლებლად იყო მიჩნეული და ჩემი აზრით, დღემდე ასეა. ვგულისხმობ რუსეთის მიერ დანიშნული რომელიმე ხელმძღვანელის წინააღდეგ, ან ზოგადად რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ, თუ რა თქმა უნდა, ამას ,,მაღლა” მხარდამჭერი არ ჰყავს.
ინგუშეთში მოსახლეობის შეკრების მიზეზი საზღვრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა გახდა, ის არ ყოფილა საჯაროდ განხილული, მოსახლეობამ ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც იქ გზის გასაყვანად ტექნიკამ დაიწყო მუშაობა.
უნდა აღინიშნოს, რომ იქ მდგარი უბრალო მოსახლეობა ნამდვილად გულწრფელად არის გამოსული და მას ნამდვილად სჯერა, რომ ამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ იმ მიწის დასაცავად, რომელიც ,,ისტორიული ინგუშეთის მიწაა” და ,,ამის წართმევა მოხდა” კადიროვის მიერ, თუმცა ეს საკითხი ასე არ არის, ბევრად უფრო ჩახლართული და მძიმეა.
ტერიტორია კი, რომელზეც ამჟამად მიდის დავა და რომელზეც, როგორც ჩეჩნური მხარე, ასევე ინგუშური, საკუთარ პრეტენზიებს აყენებს ,მარტივად რომ ვთქვათ, იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შემადგენლობაში, რომელიც დუდაევ-აუშევის შეთანხმებით იყო გადაწყვეტილი, რის შემდეგაც იჩქერიის (დამოუკიდებელი ჩეჩნეთის) სასაზღვრო პუნქტები იყო განთავსებული. სხავთაშორის, ამ დროს პრეტენზიები არ ყოფილა, მითუმეტეს ისეთი, როგორსაც დღეს ვხედავთ, ისტორიის ზოგ მონაკვეთში მის კუთვნილებას ინგუშეთის მხარე ამტკიცებს, ამავეს აკეთებს ჩეჩნური მხარეც.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რაც ძალიან საინტერესოა, 2009 წლის კანონი, რომელიც ცალსახად მიიღო ინგუშეთის პარლამენტმა საზღვრის შესახებ, იყო პრიგოროდნის დათმობა, რადგან ამ კანონით განსაზღვრულ საზღვრებში პრიგოროდნი არ შედიოდა, რაც უბრალოდ სადავო კი არა, დადასტურებულად არის ინგუშებისგან წართმეული. თუმცა, ამ კანონის მიღებამაც არ გამოიწვია მსგავსი სახის პროტესტი, უბრალოდ სოციალურ ქსელებში გაკრიტიკებით შემოიფარგლა, მაგრამ დღეს სადავო ტეროტორია, რომელიც, ფაქტობრივად, ისევ იმ შეთანხმების წერტილს დაუბრუნდა, რაც ჩეჩნეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციის სუბიექტთან ინგუშეთთან ჰქონდა, საყოველთაო მღელვარების მიზეზი გახდა.
ამ აქციის დაორგანიზებისა და მსვლელობის დროს, ძალიან ძლიერი პროპაგანდისტული მესიჯები იყო, როგორიც დავუშვათ, ინგუშეთის ჯანდაცვის სამინისტოროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების აქციის ტერიტორიაზე მისვლის აკრძალვას და ა.შ ეს, რა თქმა უნდა, მასაზე განკუთვნილი იყო და იმუშავა კიდეც, მაგრამ ყველაზე საინტერესო აქციაზე იმ ადამიანის მისვლა და საუბარი იყო, რომელმაც დამოუკიდებელ ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება დადო. ეს იყო ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი, რუსლან აუშევი, რომელმაც აქციაზე განაცხადა, რომ აქ შეცდომა ასეთი შეთანხმების ხალხისგან მალულად დადება იყო და ის ამაში მართალი იყო. მას აქციაზე არ გაუხმოვანებია იდეა იმის შესახებ, რომ ინგუშეთის ოკუპაცია მიმდინარეობს, ძირძველი მიწები წაართვეს და ა.შ
აქ საინტერესო მომენტი კიდევ არის ის, რომ თემი სახელად,,ორსთხოი”, რომელიც ოდითგანვე ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ამ საზღვრების გამო გაიხლიჩა. ამ ხალხის ნაწილი ინგუშეთში მოექცა, ნაწილი კი ჩეჩნეთში, ახლა კი მიმდინარეობს პროცედურა, თუ ვინ აღიქვამს თავს ინგუშად, ვინ ჩეჩენად. ამჟამად, ამ თემის საერთო კრებამ განაცხადა რომ მათთვის ეს საზღვარი ფიზიკურად ისედაც არ არსებობს და ოფიციალურ დოკუმენტზე დატანილ ხელშეკრულებას თანხმობას უცხადებენ. თუმცა, უკვე აგორებული ტალღისა და კარგად ორგანიზებული პროპაგანდის შეჩერება ასე ადვილი არ იქნება.
ჩეჩნეთ-ინგუშეთის გაყოფის თემა თავიდანვე ძალიან მძიმე იყო, რადგან, როგორც ვიცით, ჩეჩნები და ინგუშები ერთი ერის გაყოფილი ორი ხალხია, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ, ელემენტარული, დიალექტური განსხვავებით, კულტურა, ისტორია მთლიანად ერთი აქვთ. ქართულ ძველ წყაროებშიც ერთ ეთნოსად, ჯერ დურძუკებად და შემდეგ ქისტებად იწოდებიან. რუსეთის გამუდმებული მუშაობით ამ ერის გაყოფა შესაძლებელი გახდა, რასაც საქართველოშიც მიმართავდნენ თავის დროზე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს აქ არ მოხდა.
ამ აქციების კარგ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დღეს ინგუშეთის რესპუბლიკის მოსახლეობა ყალიბდება ერად, რაც მისასალმებელია, თუმცა ცუდი მხარე არის ის, რომ რუსეთმა კიდევ ერთი კონფლიქტის კერა გააჩინა კავკასიაში და ის უკვე დიდი ხნის ნაცად და კავკასიელებზე გამართლებულ ტაქტიკას – ,,დაყავი და იბატონე” იყენებს, რაც უკვე გამოყენებული აქვს საქართველოს ორ რეგიონში, ასევე აზერბაიჯან-სომხეთის, ჩეჩნეთ-დაღესტნის, ინგუშეთ-ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრობლემები. ახლა კი, უკვე კავკასიაში ერთმანეთში ყველაზე კარგად განწყობილ ორ რესპუბლიკას – ჩეჩნეთ-ინგუშეთს შორის.
ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ არ ვარ გამოკვეთილად ამ პროტესტის მომხრე, მე კი ერთი პასუხი მაქვს – ეს თემა არის ამ ხალხების მიმართ მტრულად განწყობილი მესამე მხარის მიერ წახალისებული, ხოლო უბრალო ხალხი არის ამ მიზნებისთვის გამოყენებული. რეალურად კი, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა არასდროს არ იქნება მშვიდობიანად, ცივილურად სანამ ისინი ავტორიტარული ცენტრალური რეჟიმის მიერ, ასევე მათ რეგიონებში გამოგზავნილი ასეთივე მმართველების ხელში იქნებიან“.
This post is also available in: Русский (რუსული)