ლორა თორნტონი: ვიმედოვნებთ, მეორე ტურის კამპანია ნეგატიური თავდასხმების გარეშე ჩაივლის   

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისია საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა.

Civil.ge ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს კენჭისყრის დღის, საარჩევნო კამპანიისა და მოახლოებული მეორე ტურის შესახებ ესაუბრა. 

მადლობა ინტერვიუსთვის. საქართველომ ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს ჩაატარა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის, NDI-ის დელეგაციამ, განაცხადეს, რომ კენჭისყრა მოწესრიგებული და კარგად ადმინისტირებული იყო. როგორია თქვენი დასკვნები კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით?

მადლობა დაინტერესებისთვის. დიახ, დელეგაციამ მართლაც აღნიშნა, რომ კენჭისყრის დღემ მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში ჩაიარა და მასზე ასევე შთაბეჭდილება მოახდინა უბნების წარმომადგენლების გულმოდგინებისა და მომზადების ხარისხმა, რა თქმა უნდა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. 2013 წელთან შედარებით, [საპრეზიდენტო არჩევნებში] აქტივობისთვის და დემოკრატიული პროცესის მიმართ ერთგულებისთვის ქართველი ამომრჩეველი შექებას იმსახურებს, ვინაიდან ბევრი სპეკულაციები ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველთა ინტერესი დაბალი იქნებოდა. ვრცელდებოდა წუხილები იმის თაობაზეც, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების აქტივისტები, ძირითადად ქართულ ოცნებასთან ასოცირებული პირები, უბნებზე ამომრჩეველთა სიებით იყვნენ მობილიზებულნი. ეს არ არის არალეგალური და მობილიზაციის ჩვეული ტაქტიკაა სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ საქართველოს კონტექსტში და წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საჯარო მოხელეებს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დაევალათ, ეს პოტენციურ დაშინებად შეიძლება ჩაითვალოს.  წინა წლებთან შედარებით, ფულის ხელზე გადაცემის თაობაზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ, რაც შემაშფოთებელია.  ახლა, სანამ კენჭისყრის დღეს სრულად შევაფასებთ, საჩივრების შესახებ გადაწყვეტილებებს უნდა დაველოდოთ.

როგორც ყოველთვის, ახლაც, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISFED), საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს (TI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) და საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ (PMMG) მუშაობამ, რომლებიც გულმოდგინედ და დამოუკიდებლად აკვირდებოდნენ პროცესს. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკურენტი მხარეები ოფიციალურ შედეგებს არ ენდობიან.  ISFED-ის შედეგები ცესკოს პირველი ტურის წინასწარ შედეგებს ადასტურებს.

რას იტყვით წინასაარჩევნო პერიოდზე? თქვენ წინასწარ შეფასებაში აღნიშნეთ, რომ კამპანიის დროს არსებული გარემო ზოგადად მშვიდობიანი, თუმცა ძალიან ნეგატიური იყო. როგორ ფიქრობთ, რა იყო მთავარი გამოწვევები ამ კუთხით?

დიახ, საარჩევნო კამპანიის დროს, ასეთი ნეგატიური რიტორიკის არსებობა სამწუხაროა, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოწვევა ასევე იყო ის, თუ როგორ უნდა აწარმოო კამპანია იმ თანამდებობისთვის, რომელსაც ასეთი შეზღუდული უფლებამოსილებები და ფუნქციები აქვს. როდესაც კანდიდატები ცდილობდნენ, რომ საგნობრივი კამპანია ეწარმოებინათ, მათ  ისეთი დაპირებებისთვის აკრიტიკებდნენ, რომლებსაც პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილებების გამო, ისინი ვერ შეასრულებდნენ. ამრიგად, ზოგიერთებისთვის კამპანია მოიცავდა ღირებულებებს, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე ოპონენტებზე თავდასხმას. სამწუხაროდ, ძირითადი მაუწყებლების მიერ კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერამ ამგვარ  დაყოფას შეუწყო ხელი და თავდასხმებისთვის პლატფორმაც უზრუნველყო.

სოციალური მედიაც მოსახერხებელი საშუალება გახდა მტრული და სიძულვილის ენის შემცვლელი გზავნილების გასავრცელებლად.  სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს, რომ დიდი რაოდენობით დაფინანსებული რეკლამა გავრცელდა, სადაც ოპოზიციას უტევდნენ, შეურაცხმყოფელ და სალანძღავ ენას და მიმებს იყენებდნენ. Facebook-ის პოსტების ერთ-ერთი სამიზნე სალომე ზურაბიშვილიც იყო, რომელსაც სხვა სახელებთან ერთად, „მოღალატესაც“ უწოდებდნენ. მე მხარს ვუჭერ საქართველოს კანონმდებლობას სიტყვის თავისუფლების შესახებ და მათ არ შევცვლიდი. მაგრამ, საჭიროა, რომ პოლიტიკური დისკურსი უფრო კონსტრუქციული და გააზრებული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო ინდეფერენტულები გახდებიან დემოკრატიული პროცესის მიმართ და ეს სხვა არალიბერალურ ძალებს მოქმედებისთვის სახიფათო სივრცეს შეუქმნის.

თქვენ დასკვნებში ასევე აღნიშნეთ, რომ არჩევნების წინა პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე „აგრესიულ, პერსონალურ და უპრეცედენტო თავდასხმებს“ ჰქონდა ადგილი. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

ერთია ნეგატიური თავდასხმები კონკურენტებს შორის, რაც არასასიამოვნოა, და მეორეა, როდესაც ადამიანები თავს ესხმიან მსაჯულებს, რომლებიც მხოლოდ ცდილობენ, რომ თავიანი საქმე აკეთონ როგორც დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა. როგორც ანგარიშში აღვნიშნეთ, არასამთავრობოების გაკრიტიკებაც შესაძლებელია, თუმცა ამგვარი კრიტიკა მკაფიო მტკიცებულებას უნდა ეფუძნებოდეს. რაც ჩვენ არჩევნების წინა კვირების მანძილზე ვიხილეთ, იყო, როგორც ჩანს, მართული, მუდმივი თავდასხმები მაღალჩინოსნების მხრიდან ქვეყნის ყველაზე პროფესიონალურ და პატივსაცემ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რა დროსაც, მათ და მათ ხელმძღვანელებს უვიცებს, არაპროფესიონალებს, პარტიების მხარდამჭერებს და ასევე ფაშიზმის თანამონაწილეებს უწოდებდნენ. უკანონო ქმედებების შესახებაც კი ვრცელდებოდა ბრალდებები. მე ამ ორგანიზაციებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობ და ამ ბრალდებებში სიმართლეს ვერ ვხედავ. GYLA, TI, ISFED და სხვები პროფესიონალურად მოქმედებენ, მკაფიო და გამჭირვალე მეთოდოლოგიების დაცვით და საკუთარ საქმეს ყოველთვის მტკიცებულებებით ამყარებენ. ეს ჯგუფები თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მიღწევებსაც აღნიშნავენ და ხარვეზებზეც მიუთითებენ, რაც უკვე წლების მანძილზე  გრძელდება. როგორც ჩანს, ზოგიერთებს არ ახსოვთ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო, ისინი იმავეს აკეთებდნენ.

ნამდვილად არ მინდა ასეთი გაძლიერებული თავდასხმების მიზეზებზე სპეკულირება – იყო თუ არა ამის მიზეზი საარჩევნო პროცესის და ზოგადად მთავრობის ძირის გამოთხრა ან მათ წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკიდან ყურადღების გადატანა? შესაძლოა. მაგრამ რაც მე დავინახე არის ის, რომ ნარატივი ქართულ პოლიტიკაში დღეს, ისევე როგორც სხვაგან, არის ძალიან შავი და თეთრი, „ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ“ მენტალიტეტით და ადამიანების ბანაკებში გადანაწილებით. თუ აკრიტიკებ, „სხვა“ ბანაკში ხარ. ეს ძალიან არაჯანსაღია. ამას გარდა, საქართველოში ერთი პარტიის გაძლიერების და შესუსტებული პრეზიდენტის ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთ ბოლო მაკონტროლებელ ორგანოდ რჩებიან ქვეყანაში და მათი დისკრედიტაციის და მათთვის ძირის გამოთხრის მცდელობამ, შესაძლოა, გრძელვადიანი ზემოქმედება მოახდინოს დემოკრატიულ განვითარებაზე. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას შეუძლია დადებითი მაგალითი აჩვენოს საზოგადოებას, გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტა სქელკანიანებიც იყვნენ და უკან ამოუდგნენ არასამთავრობო სექტორს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი კრიტიკულები და ზოგჯერ, შესაძლოა, გამაღიზიანებლებიც არიან და აღიარონ ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ისინი დემოკრატიის განვითარების საქმეში თამაშობენ.

რას იტყვით არჩევნების წინ არსებულ მედიაგარემოზე? თქვენ ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი, თუმცა პარტიული ნიშნით დაყოფილი იყო. რას იტყოდით ამ თემაზე?

მედიაგარემოსთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხია. პირველი, ისევე როგორც ჩემს ქვეყანაში, ზოგიერთი ძირითადი მაუწყებელი პარტიული ნიშნითაა დაყოფილი. „რუსთავი 2“ და „იმედი“ არ მოერიდნენ პარტიული მხარდაჭერის გამოხატვას. ამრიგად, ეს პროცესი გამჭირვალეა და მოქალაქეების უმეტესობას ესმის, რომ მიკერძოებას აქვს ადგილი. ეს საერთო ნდობას არ ეხმარება, თუმცა ჩვენი კვლევები  მუდმივად აჩვენებს, რომ ქართველების თითქმის 70%-ს სჯერა, რომ ძირითადი ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ.

მეორე, მაუწყებლები, კერძოდ კი, რეგიონული მაუწყებლები რთულ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობენ.  იმ ფონზე, როდესაც ძირითად მაუწყებლებს მომგებიანი ბიზნესის წარმოება არ შეუძლიათ, ინვესტირება ჟურნალისტებსა და გადაცემებში, პოლიტიკური მიზნები დე-ფაქტო raison d’etre იქცევა. „რუსთავს 2“-საც აქვს სამართლებრივი პრობლემები ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებით, რომლის საქმის განხილვაც სტრასბურგში მიმდინარეობს.

მესამე, ამ კამპანიის დროს დავინახეთ, რომ პარტიული ლიდერები „რუსთავი 2“-ს უტევენ, შედარებით ნაკლები ხარისხით კი „ტვ პირველს“. ამასთან ერთად, პარტიის თავმჯდომარე აღწერს, თუ როგორ პროგრესს და განვითარებას ექნებოდა ადგილი საქართველოში, რომ არ არსებობდეს „რუსთავი 2“, რაც ტელეკომპანიას ქვეყნის უბედურების მთავარ მიზეზად წარმოაჩენს. მინდა თუ არა, რომ უფრო პროფესიონალური, დაბალანსებული ინფორმაცია ვიხილო საქართველოში? რა თქმა უნდა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“-ს და სხვებს მუშაობის საშუალება მიეცეთ. მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახელისუფლო სისტემის მნიშვნელოვან მაკონტროლებელს წარმოადგენს.

ახლა არჩევნების მეორე ტურისთვის ვემზადებით, რომელიც, სავარაუდოდ, არანაკლებ კონკურენტული იქნება. გაქვთ რაიმე რეკომენდაცია არჩევნებში მონაწილე მხარეების მიმართ?

ბევრი გვაქვს. ვშიშობ, რომ პირველ ტურში მიღებული ხმების რაოდენობით კონკურენტების სიახლოვის გათვალისწინებით, რიტორიკა და დაძაბულობა კიდევ უფრო მოიმატებს. ვიმედოვნებ, რომ კამპანიებისა და მედიის მიერ მათი გაშუქების დროს, ნეგატიურ თავდასხმებსა და შიშის გაღვივებას არ ექნება ადგილი და სანაცვლოდ, კანდიდატების ღირებულებებზე, საპრეზიდენტო ხედვებზე და იმაზე იქნება ფოკუსირებული, თუ როგორ აპირებენ ისინი წარმოადგინონ ქართველი ხალხი ქვეყნის ყველაზე მაღალი არჩევითი თანამდებობიდან.

როგორც ჩვენ განცხადებაში აღვნიშნეთ, მოვუწოდებთ მაღალჩინოსნებს, შეწყვიტონ თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებზე და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც დაგმობს ამ თავდასხმებს, დაიცავს და მხარს დაუჭერს სამოქალაქო ჯგუფებს. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ODHIR-მა და ევროპის საბჭომ ეს საკუთარ განცხადებებში და ინტერვიუებში გააკეთეს. მეორე ტურის წინ, სავარაუდოდ, ისევ იქნება წუხილები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე. მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც საჯარო მოხელეების ქცევის წესებს განსაზღვრავს. ამას თან  უნდა ახლდეს გარკვეული მონიტორინგის მექანიზმი და მისი ამოქმედება. ის ძალადობრივი ინციდენტები, რომლებსაც ახალქალაქსა და კასპში ჰქონდა ადგილი, სწრაფად და ზედმიწევნით უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები დასჯილნი, რათა ეს გახდეს გზავნილი არჩევნების წინ, რომ ძალადობა დაუშვებელია, რომ მას სწრაფი და მკაცრი რეაგირება მოჰყვება და რომ არჩევნების დროს, მას ადგილი არ აქვს.

ჩვენი განცხადება რამდენიმე გრძელვადიან რეკომენდაციასაც შეიცავს, როგორიცაა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან და სხვებთან დაკავშირებული რეფორმები. თუმცა, საქართველოს არჩევნებში არსებული ძირითადი გამოწვევები ტექნიკური და სამართლებრივი ცვლილებებით ვერ მოგვარდება, ეს უკვე დამკვიდრებული საკითხებია. არათანაბარი პირობები, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, დაშინება, საზიანო და აგრესიული რიტორიკა, ამ ყველაფრის გადაწყვეტას პოლიტიკური ნება სჭირდება. ჩემთვის, ეს არის შესაძლებლობა, რომ გაირღვეს წრე და გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული პროცესის მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)