საგარეო საქმეთა მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის 31 ოქტომბრის ბრძანებების საფუძველზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად მიხეილ ნინუა და ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კარიერული დიპლომატი ალექსანდრე ხვთისიაშვილი პოსტზე წარდგენამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2011-2014 წლებში ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი იყო, 2010-2011 წლებში კი, ის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის უფროსი მრჩეველის მოვალეობას ასრულებდა.

უწყების განმარტებით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი სხვადასხვა დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინატორის სამმართველოს უფროსი და მსოფლიო ორგანიზაციების სამმართველოს მრჩეველი იყო. ის მინისტრის მოადგილის მოვალეობას შესრულებას 1 ნოემბრიდან შეუდგება.

რაც შეეხება მიხეილ ნინუას, საგარეო უწყების ინფორმაციით, მას სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კარძოდ, 2005-2006 წლებში, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკუნსულოს დეპარტამენტში საქმიანობდა. მას შემდეგ, მიხეილ ნინუას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები ეკავა.

გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა დროს ის იყო ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შპს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2010 წელს ის კანადურ-ბრიტანული ნავთობსაძიებო კომპანია „Tethys Petroleum Limited”-ში საქმიანობდა, სადაც ჯერ ტაჯიკეთში არსებული კომპანიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა. 2013 წლიდან 2016 წლამდე ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ამავე კომპანიის წარმომადგენელი იყო.

2015-2017 წლებში ის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის ნავთობ-საძიებო კომპანია „Skyland Petroleum Group”-ის დირექტორი, 2017 წლიდან კი, „Avenue Construction Georgia“-ის დირექტორი იყო.

მიხეილ ნინუა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების შესრულებას 5 ნოემბრიდან დაიწყებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)