მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას გეგმავს
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობა სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციისა და მისი საექსპორტოდ წარმოების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გამოიწვევს.
კობახიძემ ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან და წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება გუშინდელ შეხვედრაზე მიიღო, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
„იყო განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით. ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებული იქნებოდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე. იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მიღებული ეკლესიასთან შეთანხმებით, საზოგადოების ფართო კონსენსუსით. ეს პირობა ჩვენ შევასრულეთ“, – განაცხადა კობახიძემ. „გუშინ, განსაკუთრებით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება“, – დასძინა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის პროცედურები მთავრობის მომავალ სხდომაზე დაიწყება.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ის, რაც არაერთხელ დაგვიმტკიცებია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ამას დავაკონკრეტებ – ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობას“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ქართული ოცნების პოლიტიკოსებმა და სამღვდელოების წარმომადგენლებმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულო სხვა საკითხებიც განიხილეს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის საკითხი. „შეიძლება ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად, ნარკოტიკული პოლიტიკა“, – განაცხადა მან.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ასევე დაესწრო საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას, ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტის გამოწვევა ნიშნავს, რომ საკითხი „დახურულია“.
„რა თქმა უნდა, კონტექსტი არსებობს, ეს არის პოლიტიკური კონტექსტი. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის ირგვლივ მოხდეს კონსესუსი. ამ კონსესუსის მიღწევა ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნების, მათ შორის, ამ ეტაპზე შეუძლებელია“, – განაცხადა გახარიამ.
„ამ კანონპროექტს იურიდიული პოზიციიდან გამოსაწვევი არაფერი სჭირდა, თუმცა პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, საარჩევნო, მათ შორის, საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ამ საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევის თაობაზე“, – დასძინა მან.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა. „გამოჩნდა მთელი საზოგადოების დამოკიდებულება და ძალიან კარგია, რომ საზოგადოების აზრს ითვალისწინებს ხელისუფლება“, – განუცხადა მათ ჟურნალისტებს.
ის ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩარჩოში მოქცევის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს „მეტი ლეგიტიმაცია“ უნდა ჰქონდეს. „მე არ ვიცი, რას აირჩევენ, მაგრამ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ კოლეგია მოსამართლეების შედგებოდეს უფრო მრავალრიცხოვანი მოსამართლეებისგან“, – განაცხადა მან.
ოპოზიციის რეაგირება
კანონპროექტთან დაკავშირებით, უარყოფითი პოზიცია აქვს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს. მან აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა.
„ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საქართველოს მოქალაქეების წნეხს…ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის, ჩვენი საზოგადოებისა და გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება“, – განაცხადა მან.
ვაშაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს კანონპროექტთან მიმართებით პირადი ინტერესი აქვს. „დარწმუნებული იყავით, რომ თუ მან ხელში ჩაიგდო პრეზიდენტის პოსტი, აუცილებლად, უმოკლეს ვადებში, ისევ შემოიტანს ამ კანონპროექტს პარლამენტში“, – განმარტა ვაშაძემ.
ნარკოპოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)