პრეზიდენტმა რვა ახალი ელჩი დანიშნა

საქართველოს ბულგარეთში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ჩეხეთში, უნგრეთში, იტალიაში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთსა და სლოვენიაში ახალი ელჩები ეყოლება.

თამუნა ლილუაშვილი საქართველოს ახალი ელჩი იქნება ბულგარეთში. მანამდე, მას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ეკავა.

არჩილ კალანდია, რომელიც მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი იყო, ამავე ქვეყანაში ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

მარიამ რაქვიაშვილი აქართველოს ელჩი იქნება ჩეხეთის რესპუბლიკაში. მანამდე მას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენელი იქნება. ბოლოს ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი დირექტორი იყო.

ზაალ გოქსაძე, რომელიც 2013-2018 წლებში ჩეხეთში საქართველოს ელჩი იყო, ელჩის მოვალეობას ამჯერად უნგრეთში შეასრულებს.

კონსტანტინე სურგულაძე, რომელიც ბოლოს ნიდერლანდების სამეფოში ელჩის თანამდებობას იკავებდა, ის იქნება იტალიაში საქართველოს ელჩი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

გიორგი შარვაშიძე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იყო, ელჩად ნიდერლანდებში დაინიშნა.

ირაკლი კოპლატაძე, რომელიც 2013 წლიდან საქართველოს ელჩი იყო თურქეთში, სლოვენიაში გადაინაცვლებს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შესაბამის განკარგულებებს ხელი 2 ნოემბერს მოაწერა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)