არასამთავრობოები: საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვა „კონსტიტუციური წესრიგისთვის დამაზიანებელია“
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩარჩოში მოქცევა „კონსტიტუციური წესრიგისთვის დამაზიანებელია“, – ნათქვამია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ 4 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
განცხადების გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით გამოვა, რომელიც „ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად, ნარკოტიკული პოლიტიკა“.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ინიციატივა ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს. „კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით, ხოლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავჯდომარე საპატრიარქოსთან შეხვედრისას განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხს“. ის ხაზს უსვამს, რომ „კონსტიტუცია მიზნად ისახავს სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონალურ გამიჯვნას რელიგიური დაწესებულების საქმიანობიდან“.
„იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ გაურთულებს საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, იგი დაარღვევს არა მხოლოდ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, არამედ ადამიანის ძირითად უფლებას, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ინიციატივას პოლიტიკური კონტექსტი აქვს. „სწორედ საარჩევნო კონტექსტში იკვეთება სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებით მანიპულირების მცდელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, რომ „დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები და ხელი არ შეუშალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას“.
„მნიშვნელოვანია, კანონმდებელმა საფრთხე არ შეუქმნას საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას, მის მიერ კონსტიტუციური კონტროლის ჯეროვნად, სწრაფად, ეფექტურად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)