თბილისი შიდა ქართლში, ოკუპაციის ხაზზე მავთულხლართების აღმართვას გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონის მახლობლად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების სამუშაოებს გმობს.
ახალი ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი ბარიერის მიღმა აღმოჩნდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი „უხეშად არღვევს” საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და მოუწოდა მოსკოვს, რომ „შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები“ და გაიყვანოს საკუთარი სამხედრო შენაერთები ქვეყნის ტერიტორიიდან.
„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო ქმედება მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და შემდგომ იზოლირებას დანარჩენი საქართველოსგან“, – ნათქვამია საგარეო უწყების გუშინდელ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება კიდევ უფრო დაამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა „სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის საპირისპიროდ“.
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი დღეს დილით საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ჩვენ არ შევეგუებით, არ გავტყდებით, ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ბოლო მეტრი ამ სამარცხვინო მავთულხლართების არ დაიშლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
„დღეს რასაც აკეთებენ ესენი არის ის, რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, რომელშიც ცხოვრობს 20-22 ათასი ადამიანი, ფაქტიურად დაცარიელებული ცხინვალის რეგიონის იზოლაციას აკეთებენ და მათთვის, ვინც არის იქ დარჩენილი ქმნიან გაუსაძლის პირობებს,“ – განაცხადა ციხელაშვილმა. „თქვენ იცით, რომ თითქმის 90 % ადამიანებისა, რომელთაც რუსი მესაზღვრეები აკავებენ ამ არარსებული საზღვრების გადაკვეთისას, სწორედ ისინი, რომლებიც ცხოვრობენ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სჭირდებათ გადაადგილება, ეს არის ყველასთვის მიუღებელი და გაუსაძლისი მდგომარეობა“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე დაადასტურა, რომ სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე „უკანონო ბორდერიზაციის პროცესი“ მიმდინარეობს, რაც „აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)