პოლიტიკური პარტიები მეორე ტურისთვის არჩევანს აკეთებენ
28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში ხმების 50 %-ზე მეტის აღება ვერცერთმა კანდიდატმა შეძლო. მეორე ტურში, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გაიმართება, ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ძალა ერთობაშიას კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდება.
ქვემოთ მოცემულია პოლიტიკური პარტიების ლიდერების, მათ შორის, ზოგიერთი უკვე ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიციას არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.
სანდრო ბრეგაძე ქართული მარში: „ჩვენ გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ ყველა მხრიდან ჯგუფები ემზადებიან ძალადობრივი აქტებისთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მეორე ტურისთვის მოვხსნათ ჩვენი ბოიკოტის რეჟიმი და ჩავერთოთ აქტიურად საარჩევნო პროცესში. ჩვენ მივმართავთ ქართულ ოცნებას და ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუ გსურთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ეროვნული ძალების ქართული მარშის და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერა მიიღოს თქვენმა კანდიდატმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა, რომლის კანდიდატურის წინააღმდეგები ჩვენ თავიდან ვიყავით, ამისათვის საჭირო არის ორი მოთხოვნის შესრულება, რომლის მოთხოვნასაც ჩვენ ვაყენებთ ოფიციალურად და რომელიც შევა საქართველოს პარლამენტში და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.
პირველი – სასწრაფო წესით გაწვეულ იქნას მარიხუანის კულტივაციის კანონი, არა შეჩერებული, არამედ გაწვეულ იქნას და ქართული ოცნების მხრიდან იქნას დადებული პირობა საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რომ ეს კანონი არასოდეს არ შევა საქართველოს პარლამენტში განსახილველად.
მეორე – ორივე კანდიდატი არის საკმაოდ დაბალი ლეგიტიმაციის მატარებელი. აუცილებელი არის დაინიშნოს ვადამდელი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ჩვენი კატეგორიული და პრინციპული მოთხოვნა ჩვენ ამის გულისთვის გამოვალთ ქუჩაში, ჩვენ დავაყენებთ ამ მოთხოვნებს, ჩვენ ვიქნებით რადიკალურები“.
ადა მარშანია – პატრიოტთა ალიანსი: „ნაცისტებს ხმას არ ვაძლევთ არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ იძულებული ვართ მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს, ეს იძულება ხელოვნურად არის შექმნილი“.
შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია: „არჩევანის თავისუფლება ეს ისეთი საკაცობრიო მონაპოვარია, რომელიც მსოფლიომ მოიპოვა დიდი ბრძოლის ფასად. ამიტომ მე ვერავის ვერ დავავალებ და ვერც ვერაფერს ავუკრძალავ. ერთი რამ ვიცი, რომ ჩემს ამომრჩეველს ივანიშვილის ატანა არ აქვს და მისი კანდიდატების. ამიტომ თუ მივლენ ისინი არჩევნებზე მათ ხმას არ მისცემენ. ეს ვიცი“.
კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო: „მე პირადად არ მაქვს არანაირი სურვილი ან ერთს ან მეორე კანდიდატს დავუჭირო მხარი. არც ჩემს ამომრჩეველს მოვუწოდებ, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ მისცეს ხმა. დარჩნენ სახლში და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი გადაწყვეტს ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი“.
დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა: „სამწუხაროდ, არც ვაშაძე- სააკაშვილი და არც ზურაბიშვილ-ივანიშვილ-ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს მე პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო მეორე ტურში. ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ არჩევნებში ვერცერთ კანდიდატს ექნება, ვინაიდან მე ვერ ვხედავ ვერცერთ მათგანში საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს, ხოლო მათ პოლიტიკურ გუნდებში იმ გუნდებს, რომელსაც საქართველოს ვანდობ“.
ზურაბ ჯაფარიძე – ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი: „მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე საჯაროდ, მაგრამ მოწოდებას არ ვაპირებ საჯაროდ, მათ შორის გირჩის მხარდამჭერებისთვის, რომ ისინი წავიდნენ და ვინმეს დაუჭირონ მხარი. გირჩის მხარდამჭერები არიან თავისუფალი აზროვნების უნარის მქონე ადამიანები და მათ აქვთ სხვადასხვანაირი მეორე არჩევანი. ჩემი დაკვირვებით, მათი დიდი ნაწილი არჩევნებზე არ წავა, რაღაც ნაწილის ხმები განაწილდება. მე თავს ვერ დავდებ ვერც ერთ კონკრეტულ პოზიციაზე, რომ ის არის 100%-ით სწორი პოზიცია. ამ ორ კანდიდატთან მიმართებაში მე ცალსახად მგონია, რომ ორივე შემთხვევაში სანანებელი მექნება, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ისეთ ცუდ რამეს გააკეთებს ერთიც და მეორეც, რომ არ მომეწონება. ამაში ვარ თითქმის 100%-ით დარწმუნებული.
არის თუ არა გამოსავალი არჩევნებზე არწასვლა? არჩევნებზე არწასვლა, ჩემი აზრით, არ არის გამოსავალი. არჩევნებზე არ წავალ და ამით ხელებს დავიბან, ჩემი აზრით, ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. ჩემთვის ასე არჩევანი არ დგას ვაშაძე ჯობია, თუ ზურაბიშვილი. ორივე კანდიდატურა არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად მიუღებელია, რომ მათ შორის რაღაც სპექტრის გაკეთება, რომ ეს ოდნავ იქით არის და ეს ოდნავ აქეთ არის, ჩემთვის არ არის. ფსკერია, ორივე არის ფსკერი“.
ლევან სამუშია – თავისუფალი დემოკრატები: „უბრალოდ გამორიცხულია თავისუფალმა დემოკრატებმა, ამაზე ფიქრიც არ შეიძლება, რომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ჩვენ მოვუწოდოთ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ,თავისუფალი დემოკრატები არ ვმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ საით გადაიხრება სიმძიმის ცენტრი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა და პრინციპები და ამ პრინციპებს მივსდევთ. კატეგორიულად გამოვრიცხავ სალომე ზურაბიშვილს და ჩვენ ვერ მოვუწოდებთ ვინმეს მხარი დაუჭიროს გრიგოლ ვაშაძეს“.
ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტია: „არჩევნებმა გვაჩვენა საზოგადოების განწყობა, საზოგადოებამ უთხრა მმართველ გუნდს, რომ არ გვინდა საპრეზიდენტო პოსტი ქართული ოცნების ხელში. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც არჩევანი არის ორ კანდიდატს შორის და ვხედავთ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ივანიშვილის წარმომადგენელს… ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციას. მეორე ტურში მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაინახოს, რომ მას არ აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები და ეს ერთი შტო იქნება ოპოზიციის ხელში, რასაც არავითარი არასტაბილურობა არ მოყვება. როდესაც პარტიის მმართველი ორგანო უმრავლესობით თუ დისკუსიით წყვეტს ეს არის პარტიის გადაწყვეტილება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)