მამუკა ბახტაძე სოციალურ პოლიტიკაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს

მოქალაქებს, რომელიც დღეს სოციალურ დახმარებას იღებენ, მუშაობის დაწყებისა და ოფიციალური შემოსავალის მიღების შემთხვევაში, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მან მთავრობის სოციალურ პოლიტიკას მიუძღვნა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროგრამულ ცვლილებებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა სოციალური დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არსებული სოციალური დახმარების გაცემის პროგრამა უმუშევრობას ახალისებდა.

მისივე თქმით, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი პირები ფულადი დახმარების მიღებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც შეძლებენ, მოდევნო ერთი წლის მანძილზე კი, მათ არაფულადი (სხვადასხვა ტიპის ვაუჩერი, დაზღვევა) დახმარების კომპონენტიც შეუნარჩუნდებათ.

„აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში, ვინაიდან ის მომენტი, როდესაც ადამიანი მუშაობის დაწყების შემთხვევაში კარგავდა სოციალურ დახმარებას, იყო, გარკვეულწილად, ბარიერი, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს დაეწყო ოფიციალურად მუშაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძე სამხედროების ხელფასების მატებასა და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ 2019-2020 წლებში, 7 526 სამხედროს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდება.

მისი თქმით, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი 1 634 სამხედროს გადაეცა, საკონტრაქტო სამსახურში მყოფი დანარჩენი 728 სამხედროსთვის კი, საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი 2020 წლისთვის დასრულდება.

მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდის პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაგრძელდება და 2019 წლიდან ხელფასი 250 ლარით შსს-ის სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალსაც გაეზრდება (2 900-მდე თანამშრომელი). ხელფასების მატება სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებსაც შეეხებათ.

იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხზე მან განმარტა, რომ ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება. „მომავალ წელს ახალ ბინებს – თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმში და ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებენ. დღეისთვის უკვე შესყიდულია და 342 ოჯახი მიიღებს თბილისში საცხოვრებელ ფართს“, – განაცხადა მან.

პრემიერი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა“, რის შესახებაც ინფორმირებულია ყველა მეგობარი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია.

მისივე თქმით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას მთავრობა კვლავაც გააგრძელებს და გასული წლების მსგავსად, წელსაც „გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ბენეფიციარისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა“, ასევე გაგრძელდება იქ მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სოციალურ პოლიტიკის შესახებ 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და მათი ოჯახები თითოეულ ბავშვზე 5-ჯერ მეტი ოდენობის დახმარებას (50 ლარს) მიიღებენ.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით მთავრობას მუშაობა ზაფხულიდან აქვს დაწყებული და ეს წინასაარჩევნო კამპანიასთან კავშირში არ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)