ევროპის საბჭოში საქართველოს ადგილობრივ და რეგიონულ დემოკრატიაზე იმსჯელეს
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესმა 7 ნოემბერს სტრასბურგში საქართველოს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღო.
ანგარიშს წინ 2018 წლის აპრილში საქართველოში კონგრესის დელეგაციის ვიზიტი უძღოდა.
თანამომხსენებელმა სტიუარტ დიქსონმა გუშინდელ დებატებზე განაცხადა, რომ 2004 წელს, ქვეყნის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიცირებისა „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში ინვესტირების“ შემდეგ, „საქართველოში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა“.
„მართალია ზოგიერთ ასპექტს შემდგომი გაუმჯობესება ესაჭიროება, ჩვენ დავასკვენით, რომ საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ვითარება ზოგადად დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მან.
კონგრესი მიესალმა მერების პირდაპირი არჩევნების წესის შემოღებას, ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური შესაძლებლობების ზოგად ზრდას, ასევე რეფორმების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებას, რომლის მიზანიც დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების მოდერნიზაციაა.
თუმცა, რეზოლუციაში შეშფოთებაც არის გამოთქმული იმის გამო, რომ ოპოზიციის ზოგიერთ წევრს მუნიციპალური ადმინისტრაციის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს, რაც მას საკრებულოებში საკუთარი საქმიანობის შესრულების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, კონგრესის თქმით, ეს მერის ხელში ძალაუფლების კონცენტრირების რისკს ქმნის, განსაკუთრებით მერის მოადგილეების დანიშვნის საქმეში.
დებატებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც დაესწრო. მან მომხსენებლებს „სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პერსპექტივების ძალიან დეტალური ანალიზისა და ძალიან პოზიტიური და სამართლიანი შეფასებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
მან კონგრესს მადლობა ბოლო წლებში გაწეული „რეკომენდაციებისთვის, თანამშრომლობისთვის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვისაც“ გადაუხადა. მისი თქმით, ამან „დადებითი როლი ითამაშა და კვლავაც თამაშობს ჩვენი მიზნების წარმატებით განხორციელებაში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)