ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში საქართველოს ესტუმრა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუნკანი 8 ნოემბერს საქართველოს ესტუმრა და ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართა. დუნკანი საქართველოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-5 პლენარული სხდომის ფარგლებში სტუმრობდა.
„ამ ფორმატმა დაადასტურა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა დუნკანმა სხდომის გახსნისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ „ურყევია“. „ჩვენ კვლავ დავუჭერთ მხარს თქვენს პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ ამ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისთვის“, – განაცხადა დუნკანმა.
გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დუნკანმა დაგმო ცხინვალის რეგიონის მახლობლად მდებარე საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორც „დასტური რუსეთის უკანონო ყოფნისა“. „ეს არ უნდა დავუშვათ მომავალში. ერთი გზავნილი რომ მქონდეს რუსეთისთვის გასახმოვანებელი, ვეტყოდი, რომ მიუღებელია მართულხლართების გავლება, მოხსენით ისინი“, – განაცხადა მან.
ბრიტანელმა მინისტრმა სოლსბერის ინციდენტის შემდეგ ბრიტანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის, საქართველოს მადლობა გადაუხადა, რაც მისი თქმით, არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოს, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას ეხებოდა, რომელიც ქიმიური იარაღის გავრცელებას უნდა შეეწინააღმდეგოს და შეაჩეროს ის.
დუნკანმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როდესაც გაერთიანებული სამეფო გათავისუფლდება „ევროკავშირში აღებული კოლექტიური ვალდებულებებისგან“ და შეძლებს სხვა ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებების მიღწევას (ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ), „მზად ვართ, ეს რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ საქართველოსთან“.
თბილისში ბრიტანელი მინისტრი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც შეხვდა და მასთან ორმხრივი ურთიერთობების რიგი საკითხები განიხილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)