TI ხელისუფლებას 11 რეკომენდაციით მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ ქვეყანაში არსებულ მმართველობის სისტემურ პრობლემებზე საუბრობს და მათი მოგვარების მიზნით, ხელისუფლებას 11 რეკომენდაციით მიმართავს.
ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემების იგნორირებამ შექმნა მდგომარეობა, როდესაც საფრთხე ექმნება სახელმწიფოში კანონის უზენაესობას და საკვანძო ინსტიტუტების ფუნქციონირებას. „არსებული კრიზისის“ დასაძლევად ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მთელი რიგი მიმართულებით რეფორმები „დაუყოვნებლივ“ უნდა გაატაროს.
ერთ-ერთი მთავარი რაც ორგანიზაციის რეკომენდაციებშია ასახული დემოკრატიული მმართველობის დაბალანსებული სისტემის შექმნაა. ამ მიზნით, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს პარლამენტის როლი და მისი საზედამხედველო ფუნქცია. ასევე, პრაქტიკაში განხორციელდეს ეფექტიანი კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რისთვისაც ოპოზიციისა და კრიტიკული აზრის მატარებელი ჯგუფების მონაწილეობაა საჭირო.
ორგანიზაცია ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას ასახელებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის „რეალური“ რეფორმა უნდა განხორციელდეს. TI-ის შეფასებით, სასამართლოსთან ერთად რეფორმას საჭიროებს სამართალდამცველი და უსაფრთხოების ინსტიტუტებიც, ამ მხრივ უნდა “მოხდეს მათი დეპოლიტიზაცია“.
ორგანიზაციაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასაც ასახელებენ. მათივე მოსაზრებით, ქვეყანაში უნდა გატარდეს ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკა. ასევე ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალი მედიაგარემოს განვითარებას, განათლების პოლიტიკის ხარისხზე ორიენტირებულობას და სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ისეთი სოციალური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება „სოციალური დაცვის სტაბილური სისტემის“ ჩამოყალიბებაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)