მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა
2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე დაკავებულ მერაბ მორჩაძეს საქალაქო სასამართლომ 9 ნოემბერს 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე დამნაშავედ ცნო.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, მერაბ მორჩაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ თვითმხილველზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზემოქმედება მოახდინა და ის დაიყოლია, რომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება სასამართლოზე შეეცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, მერაბ მორჩაძე მოწმეს ჩვენების შეცვლისთვის დაკავების შემთხვევაში, მედიის, საზოგადოებისა და „გავლენიანი პირების მხარდაჭერას დაჰპირდა“. ამასთან, ის „დახმარებას გაუწევდა პატიმრობაში მყოფ მამამისს და მას ადვოკატის მომსახურებით უზრუნველყოფდა“, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
„იმის გათვალისწინებით, რომ მან [მორჩაძემ] აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამავე დროს იგი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ მორჩაძეს 2 წლიანი პატიმრობა 2 წლიანი გამოსაცდელი, პირობითი მსჯავრით შეეცვალა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მღელვარების ჩახშობის მიზნით, მორჩაძე თავიდანვე მოჩვენებითად დააკავეს და „ტყუილად გაწირეს“. „რატომ ცნეს დამნაშავედ არ ვიცი, რატომ აძლევენ პასუხისგებაში ესეც არ ვიცი, საერთოდ ეს ადამიანი ვინ არის, არ ვიცი“, – განაცხადა მან და დასძინა „მე ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების დასჯას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)