ძალა ერთობაშია სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს უარყოფს
ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია მათი მისამართით სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „გაერთიანებულ ოპოზიციას“ სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოთქმულ მუქარასთან კავშირი არ აქვს.
„გაერთიანებული ოპოზიცია და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ცალსახად გმობს ნებისმიერი საჯარო პირისკენ მიმართული ძალადობის ან ძალადობის მუქარის ყველა ფორმას“, – აცხადებენ გაერთიანებაში.
ძალა ერთობაშია შინაგან საქმეთა სამინისტროს ზურაბიშვილის ბრალდებებზე დროული გამოძიებისა და „ყველა პასუხისმგებელი პირის“ დასჯისკენ მოუწოდებს. „დროული გამოძიების და მტკიცებულებების გამოვლენის გარეშე, ეს ბრალდებები საარჩევნო მიზნით კანდიდატის მსხვერპლად წარმოჩენის უსაფუძვლო მცდელობად იქნება განხილული“, – განმარტავენ ოპოზიციურ გაერთიანებაში.
ძალა ერთობაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის სხვა შემთხვევების, კერძოდ კასპის, მარნეულისა და ახალქალაქის ინციდენტების გამოძიებას და იმ პირებისთვის, რომლებიც ოპოზიციის წევრების „სასტიკ ცემაში მონაწილეობდნენ“, ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.
ოპოზიციური გაერთიანება საჯარო პირებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და ვიცე-სპიკერს ირმა ინაშვილს „ძალადობის წამახალისებელი“ განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან და მისმა შვილებმა „სიცოცხლის მოსპობის მუქარის“ შემცვლი ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები მიიღეს. მანვე განმარტა, რომ მუქარის შემცველი ტექსტების ავტორები „თავისი სტატუსებიდან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მეთაურებთან“ არიან დაკავშირებული.
საპრეზიდენტო კანდიდატს მუქარის ავტორების შესახებ დამატებით დეტალებზე აღარ უსაუბრია. მოგვიანებით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ, ზურაბიშვილმა მხოლოდ ის დააზუსტა, რომ მან მუქარის შემცველი შეტყობინებები რამდენიმე ადამიანისგან მიიღო. სალომე ზურაბიშვილის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განმარტებით კი, მუქარა ერთი პირის მიერ განხორციელდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)