ოპოზიციური კოალიცია ცესკოს მეორე ტურის თარიღის გამოცხადების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის დასახელებას აჭიანურებს.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს, 13 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცესკო საკითხით მანიპულირებას ცდილობს და ამას მმართველ პარტიასთან შეთანხმებით აკეთებს.

მისი თქმით, ქართულ ოცნებას მეორე ტურის დანიშვნა სამუშაო დღეს უნდა, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა ვერ შეძლონ.

გიორგი ვაშაძემ საარჩევნო ადმინისტრაციას და მმართველ პარტიას მოუწოდა, რომ მეორე ტურის თარიღის გამოცხადება არ შეაფერხონ. „ნაცვლად იმ აბსურდული განცხადებებისა, გირჩევნიათ დროულად დანიშნოთ არჩევნების მეორე ტური, ისე როგორც მიღებულია კანონზომიერად, კვირა დღეს“, – განაცხადა მან.

საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები იმართება ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღეს (არჩევნების პირველი ტური კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა).

მეორე ტურის თარიღს საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება. ცესკომ არჩევნების მეორე ტური არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 20 დღეში უნდა დაასახელოს (მაქსიმუმ 2018 წლის 17 ნოემბერი).

მეორე ტურის შესაძლო თარიღად 2018 წლის 1 დეკემბერი მოიაზრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)