ISFED: „სახეზეა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების აქამდე უპრეცედენტო ფორმები“
არჩევნების მეორე ტურის წინ, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებმა „ფართოდ გავრცელებული“ ფორმა მიიღო და „სახეზეა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ახალი, აქამდე უპრეცედენტო ფორმები“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.
ორგანიზაციის მიერ 19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტებში ზეწოლა ხორციელდება, როგორც საჯარო მოხელეებზე, ისე კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე. ამასთან, „სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმით ცდილობენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არჩევნებზე არ გამოცხადდნენ“.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეებს და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს სისტემატურად ხვდებიან და მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ითხოვენ, „წინააღმდეგ შემთხვევაში, აფრთხილებენ, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ, ხოლო ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება დაიწყება“.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წინ შს მინისტრის ვიზიტი რამდენიმე მუნიციპალიტეტში და გუბერნატორებთან და მერებთან შეხვედრები უძღოდა, რაც, შესაძლოა, „ზეწოლისა და ამომრჩეველზე ზემოქმედების ერთგვაროვან და მასშტაბურ“ ხასიათზე მიუთითებდეს.
„სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით, სამსახურიდან მათი გათავისუფლების მუქარის შემთხვევებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი ახალციხის, გურჯაანისა და ქარელის მუნიციპალტეტებში ჰქონდა.
ორგანიზაციაში პოლიციის მხრიდან მუქარის შემთხვევებზეც საუბრობენ. კერძოდ, ISFED-ის ინფორმაციით, მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციის თანამშრომელი ოჯახის წევრის დაჭერითა და მცირე ბიზნესის დაჯარიმებით დაემუქრა, თუკი ის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არ შეწყვეტდა. ამასთან, სამართლიანი არჩევნები ამომრჩევლის პერონალური მონაცემების გაჟონვაზეც მიუთითებს, რაც წესით „დახურული“ და „კონფიდენციალური“ ინფორმაციაა.
„სამართლიანი არჩევნები“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მათ „ღიად და საჯაროდ დაგმონ ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები“ და თვითმმართველობის ხელმძღვანელებსა და მათ მხარდამჭერებს ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის შეჩერება მოსთხოვონ. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს კი, ორგანიზაცია დასაქმებულების მიმართ „ზეწოლისა და იძულების“ პრაქტიკის აღკვეთის რეკომენდაციით მიმართავს.
ISFED ბიზნესმენებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ურჩევს, რომ ზეწოლა არ მოახდინონ დასაქმებულებზე, მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და აქტივისტებს კი, „უკანონო დავალებების შესრულებისა და ამომრჩევლის ზეწოლაში თანამონაწილეობაზე“ უარის თქმისკენ მოუწოდებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)