„არა ფობიას“ სააკაშვილს სიძულვილის ენის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ რომელიც 13 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი „ანტისემიტური“ განცხადების გამო „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავს და მას და სხვა პოლიტიკოსებს, სიძულვილის ენის გამოყენების, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„არა ფობიას“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანტისემიტური გამოხატვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და ბოლო პერიოდში, მისი მხრიდან სიძულვილის ენისა და პოპულისტური „ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ, სისტემური ხასიათი მიიღო“.
„არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციების განცხადებით, პოლიტიკური აქტორების მხრიდან მკვეთრად პოპულისტური რიტორიკის პარალელურად, რასიზმის, ქსენოფობიის, სხვადასხვა მარგინალური სოციალური ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკურ სივრცეს კიდევ უფრო აცლის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ შინაარსს.
„სხვა ჯგუფების მარგინალიზაციისკენ მიმართული პოპულიზმი აზიანებს სოციალურ შეჭიდულობას და სიმშვიდეს და მან შეიძლება მძიმე გავლენა იქონიოს სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის განცხადება ებრაელ ქართველთა სათვისტომომაც დაგმო. „სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას მოშე კლუგჰაფტს, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელია საქართველოში მყოფი ებრაელებისთვის“, – ნათქვამია სათვისტომოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას საკუთარი Facebook-ით უპასუხა და განაცხადა, რომ მას პრობლემა არა ებრაელ ხალხთან, არამედ „კონკრეტულ სუბიექტებთან“ აქვს.
საკითხს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ გამოყენებული სიტყვები შეურაცხმყოფელი არა რის და „ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ლექსიკაა“. „თაღლითი შეიძლება იყოს ქართველიც, ებრაელიც და რუსიც…თუ სწორად ასახავ მოვლენას ეს არ არის შეურაცხმყოფელი“, – დასძინა მანვე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)