ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მეორე ტურის და არჩევნების შემდგომი გეგმების შესახებ

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა.

ტელეკომპანია „იმედთან“ 45-წუთიან ინტერვიუში, რომელიც ეთერში 20 ნოემბერს გავიდა, ივანიშვილმა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე საკუთარი პოზიცია გამოხატა და მმართველი პარტიის გაძლიერების მიზნით საკუთარი გეგმები გაახმოვანა.

ინტერვიუდან რამდენიმე დღეში, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუპირისპირდება.

ქართულმა ოცნებამ ხალხთან „გრძნობადობა“ დაკარგა

ივანიშვილის განცხადებით, პირველმა ტურმა აჩვენა, რომ „ხალხი არის აშკარად განაწყენებული“ ხელისუფლების საქმიანობით, რაც მისი აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მისი გუნდის წევრებს შორის „ძალიან დაბალ“ კოორდინაციას უკავშირდება.

„ჩანდა პრობლემები, გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი იყო შესუსტებული, პარლამენტს და მთავრობას შორის ურთიერთობა იყო ძალიან სუსტი [ივანიშვილის პარტიულ პოლიტიკაში დაბრუნებამდე]“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მმართველმა პარტიამ ხალხის პრობლემების მიმართ „გრძნობადობა“ დაკარგა.

„ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ჩვენ ღარიბ ქვეყნებში გავდივართ და ამ დროს, ხელისუფლებას მართებს განსაკუთრებული მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებას ამ გაჭირვების ფონზე მაქსიმალური გრძნობადობა ჰქონდეს იმისა, რომ ეს არის მისი ხელისუფლება, რომ ეს მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მათ ყოფა შეუმსუბუქოს“, – აღნიშნა მან.

„მე მრავალჯერ მითქვამს, ჩემს სატელევიზიო გამოსვლებში მათ შორის, რომ რთულია დემოკრატიული მეთოდებით მართვა, ეს არ არის იოლი, განსაკუთრებით ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაგრამ ამ მეთოდებზე არავის არ უნდა გაუჩნდეს არასდროს ცდუნება, რომ შეიცვალოს ეს. რთულია ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დაიცვა და ამ დროს ერთ-ერთი ძირითადი უფლება, რომ მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი და ღირსეული შემოსავალი ოჯახის, თანხვედრაში ვერ მოდიოდეს“, – განაცხადა მან.

„ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი რჩება ხელისუფლებას, რომ სახელმწიფო იყოს ძალიან ძლიერი, მაგრამ ძლიერი უნდა იყოს არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებით, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, არამედ ხალხის ნდობით. ხალხის მაქსიმალური ნდობა უნდა გააჩნდეს სახელმწიფო სტრუქტურებს, ხელისუფლებას, რომ შეძლოს ასეთ რთულ სიტუაციაში ასეთი დემოკრატიული მეთოდებით სახელმწიფოს მართვა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა პარტიის რეფორმირების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას აქვს ამბიცია, დაარწმუნოს ქართველი ხალხი ერთი წლის განმავლობაში, რომ ეს იქნება „ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება და ეს იქნება მათზე მზრუნველი მხოლოდ“.

„პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე. კეთილი ვინებოთ და ეს დაპირებები ყველაფერი შევასრულოთ…ამავდროულად, იმის იმედიც ნუ ექნებათ, რომ ერთი ხელის მოქნევით, ჯადოსნური ჯოხით ჩვენ შვეიცარიის ეკონომიკა გვექნება“, – აღნიშნა მან.

„ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება და ადგილების ხანგრძლივი დაკავება. მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას და ამ სისტემას მე შემოვიტან და ვაჩვენებ საზოგადოებას, რომ მთელი გუნდი იქნება ვალდებული და მე გავაკეთებ ამის მობილიზებას, რომ ჩადგეს ხალხის სამსახურში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ქართული ოცნების „ზედმეტი თვითდაჯერებულობა“ იყო პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის არცთუ წარმატებული შედეგების მიზეზი. „გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს, როგორც წესი, თვითდაჯერებულობა ემატება“, – განაცხადა მან.

„იმ დონეზე იყო გუნდი დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებიათ. რეალურად პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება ეს იყო სირცხვილი…ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ და არათუ გრძნობადობა, მოლოდინი ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი რეალობასთან“, – აღნიშნა მან.

ზეპარტიული, ქალი პრეზიდენტი

ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში, ის პრეზიდენტობის „იდეალური კანდიდატია“.

„ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია, თავისი ხედვები აქვს, თავისი პრაქტიკა, თავისი გამოცდილება, გემოვნება…საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი. პირველ რიგში, ის ავტორიტეტი და გამაერთიანებელი უნდა იყოს, ზეპარტიული უნდა იყოს“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

მან ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის დროს ქალი კანდიდატის „შეურაცხყოფისთვის“ გააკრიტიკა. „ეს გვეკადრება ჩვენ, ასეთები ვართ ჩვენ, ქართველები? ქალის ადგილი ყოველთვის იცოდნენ ქართველებმა, ვიცით ქალის პატივისცემა“, – განაცხადა მან.

ოპოზიცია საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა

ივანიშვილმა ოპონენტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ქვეყნის „ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა“. „თუ გუნდში პრობლემაა, ასევე პრობლემაა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მთლიანად. ჩვენ აქაც ღარიბები ვართ, როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

„ის, რომ თეთრს და შავს შორის ხდება ჯერ კიდევ არჩევანი, ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს კარგს და უკეთესს შორის არჩევანი და ესეც უნდა მოვახერხოთ. მე ამაში ხელოვნურად ვერ ჩავერევი…ეს უნდა მოახერხოს ისევ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, სწორედ ოპოზიციის „არაკონსტრუქციულმა, არასწორმა, დაუსაბუთებელმა“ კრიტიკამ გაანებივრა ქართული ოცნება, რომ დაეშვა შეცდომები.

ივანიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებაც ისაუბრა და მას „დესტრუქციული ძალა“ უწოდა, რომელსაც „აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა და მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდა“.

„მათ იცოდნენ სიცრუე და ძალადობა. ისინი ქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს, თვითონ კარგად იყვნენ და ყველას გვარწმუნებდნენ, რომ კარგად ვართ…დღეს, იმავე ფორმებით და იმავე მეთოდებით ცდილობენ, რომ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ყველაფერი არის საშინელება და აპოკალიფსი გველოდება ხვალ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორი იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „გვაქვს რესურსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავტოვოთ, რომ კანონს იქით არ გავუშვებთ, კანონის ფარგლებში დავტოვებთ და ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ რაღაცებს მოახერხებენ და ამოატრიალებენ“, – განაცხადა მან.

ყოფილმა პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშაძესთან კოჰაბიტაცია დამაზიანებელი იქნება ეკონომიკისთვის. „იქნება ყოველდღიური მცდელობა, რასაც ესენი მოახერხებენ, რომ არეულობა შექმნან და ის, რომ დაბალპროგნოზირებადი გახდება სტაბილურობა და სტაბილურობაზე კითხვები გაჩნდება, რა თქმა უნდა, ამას მიაღწევენ და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დააზარალებს ეკონომიკას, ინვესტიციებზე ეს აუცილებლად გავლენას მოახდენს,“, – განაცხადა მან.

ივანიშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიციის გამარჯვება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზეც მოახდენს გავლენას. „დღეს ევროპამაც და ამერიკამაც იცნო, ვინ არიან ესენი და ახლა, ამ ფონზე, ამ არჩევნებით ჩვენ მოვახერხოთ, წარმოვიდგინოთ, რომ ესენი აქ შემობრუნდნენ და გარეთ გაფორმდება, რომ ისევ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, აი საერთოდ დავაბნევთ ჩვენს მოკავშირეებს და ჩვენს პარტნიორებს გარეთ, ევროპელები იქნება თუ ამერიკა იქნება“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)