პუტინი სოჭში აფხაზეთის ლიდერს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 21 ნოემბერს სოჭში აფხაზეთის ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა და სოხუმთან მოსკოვის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილა.
პრესისთვის გაკეთებულ მოკლე კომენტარში, პუტინმა განაცხადა, რომ სოხუმთან ურთიერთობებს „განსაკუთრებული, სტრატეგიული და სამოკავშირეო ხასიათი აქვს“. „ჩვენი სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა არცთუ დიდი ტემპით – 5% გასულ წელს და 2% 9-10 თვის განმავლობაში წელს“, – განაცხადა მან.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია აფხაზეთში დაახლოებით 300 რუსული საწარმო მოქმედებს, „ეს საკმარისი არ არის“ და რომ „დამატებითია ძალისხმევაა საჭირო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“.
თავის მხრივ ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 2018 წელს 94-ზე მეტი ერთობლივი ღონისძიება განხორციელდა. „ეს მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის და საჭიროა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი ურთიერთობები“.
პუტინის და ხაჯიმბას წინა შეხვედრა მოსკოვში აგვისტოში გაიმართა, მოსკოვის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების მე-10 წლისთავთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)