არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 9 781-ით გაიზარდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 9 781-ით გაიზარდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, მეორე ტურისთვის კი, მათი რაოდენობა უკვე 3 528 658 გახდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ civil.ge-სთან საუბარში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 10 000-ით ზრდა რამდენიმე მიზეზით ახსნა:

  • სიაში იმ ადამიანების დამატება, რომელთაც18 წელი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ;
  • საზღვარგარეთ საკონსულოებში დამატებით რეგისტრაცია გავლილი მოქალაქეები;
  • სიაში პირველ ტურში არარეგისტრირებული პირები. კერძოდ, ისინი, ვინც პირველი ტურის შემდეგ, პირველად აიღეს პირადობის მოწმობა, ან აღადგინეს ან გაიაქტიურეს გაუქმებული დოკუმენტი და გაიარეს რეგისტრაცია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2000 წლის ნოემბერში ცოცხლად დაბადებული ბავშვების რიცხოვნობა 3 478 იყო (2000 წლის ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი 3 850-ს შეადგენდა).

მეორე ტურისთვის უცხოეთში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 134-ით გაიზარდა.

არჩევნების პირველ ტურში, ორ ფავორიტ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მინიმალური პროცენტული სხვაობა (0.9 %) დაფიქსირდა. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდადტმა სალომე ზურაბიშვლმა (615 572 ხმა), გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს (601 224 ხმა) მხოლოდ 14 348 ხმით აჯობა.

საგულისხმოა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით (3 513 884 ამომრჩეველი), 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლების რაოდენობა (3 518 877 ამომრჩეველი) მხოლოდ 4 993 ამომრჩევლით გაიზარდა. იმაზე თითქმის ორჯერ ნაკლებით, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე ერთთვიან შუალედში.

სამმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 20 ნოემბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ნათქვამი იყო, რომ არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბების მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება, სადაც ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)