ევროპის სახალხო პარტიიის პრეზიდენტი ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებს და არჩევნების შესაძლო გაყალბებას გმობს

ევროპის სახალხო პარტიიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა 26 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გაერთიანებული კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მინდა ძლიერი მხარდაჭერა გამოვუცხადო გრიგოლ ვაშაძეს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გამოცდილ პოლიტიკოსს და დიპლომატს, სანდო პარტნიორს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებში მოქმედებს“, – აცხადებს დოლი განცხადებაში, სადაც  ევროპულ საქართველოს ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების შესრულებისთვის და ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ევროპის სახალხო პარტია ყურადღებით ადევნებდა თვალს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს. მიუხედავად პოზიტიური ნიშნებისა, არჩევნების პირველ ტურზე, სამწუხაროდ, დარღვევებს, ძალადობას და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ პარტია შეშფოთებულია ოფიციალური პირების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების გამო.

„რიგმა საგანგაშო ინციდენტებმა საერთაშორისო თანამეგობრობის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია და ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების საკითხი. ეს მოიცავს ბრალდებებს ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭვდის თაობაზე; ვალების ჩამოწერის სქემას, რამაც შესაძლოა ამომრჩეველთა მოსყიდვას შეუწყოს ხელი; გამჭირვალობის ნაკლებობას არჩევნების დღის დანიშვნასთან დაკავშირებით – არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა კიდევ უფრო გაურთულებს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა დოლმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ხმა მშვიდობიან გარემოში მისცენ. „ძალადობას, დაშინებას, ჩაგვრას და გაყალბებას არ აქვს ადგილი დემოკრატიულ არჩევნებზე. არჩევნების მეორე ტური კანონის უზენაესობის და დემოკრატიის ტესტია. ფსონზე არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა დევს“, – განაცხადა ევროპის სახალხი პარტიის პრეზიდენტმა.

დოლის თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს აღებული კურსი, როგორც წარმატებულმა ქვეყანამ და მაგალითმა რეგიონისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ხმების 50 %-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა. ორმა მთავარმა კონკურენტმა – სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ – ხმების 38.64 % და 37.74 % მიიღო. მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)