არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი „კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და მეტად გამოხატული ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა“.
მედიაგარემო
არასამთავრობოების მიერ 27 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში, „მკვეთრად პოლარიზებული“ იყო „ძირითადი ტელეკომპანიები“. „საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები არ გამართულა. შესაბამისად, ამომრჩეველი მოკლებული იყო შესაძლებლობას ეხილა და მოესმინა საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების შესახებ დისკუსია და თემატური მსჯელობები“.
არასამთავრობოები განცხადებში „ორი ძირითადი“ ტელეკომპანიის პრეფერენციებზეც მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედი“ ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ მუშაობის „საგანგებო რეჟიმზე გადავიდა“, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კი, „მკაფიოდ ატარებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერ და სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სარედაქციო პოლიტიკას“.
პოლიტიკური გარემო
არასამთავრობოების განმარტებით, პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა „შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები“ „ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი, აცხადებდნენ, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ქართული ოცნების ხელისუფლება დასრულდებოდა“.
არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას საზოგადოებრივი მოძრაობების ჩამოყალიბებაზეც ამახვილებენ, რომელთა მიზანიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციის წარმოებაა, რაც აჩენს ეჭვებს, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულების განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ“.
ძალადობრივი ინციდენტები
არასამათავრობოების განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მათივე თქმით, ძალადობრივი ინციდენტები ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებსა და აქტივისტებზე ხორციელდება, ერთ შემთხვევაში კი, პირს ფიზიკურად გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ.
ზეწოლა/მუქარა
არასამთავრობოების განმარტებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ და წარსულში ნასამართლევ ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებმა „შემაშფოთებელი სახე“ მიიღო. განცხადების მიხედვით, მათ ძირითადად „სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ, ან გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო ემუქრებიან“. არასამთავრობოები საჯარო დაწესებულებებიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ მუქარის შემთხვევებზეც მიუთითებენ.
ამომრჩევლის მოსყიდვა
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, „უპრეცედენტო“ იყო ამომრჩევლის კეთილგანწყობის მიზნით, 600 000 მოქალაქისთვის ვალის „განულების“ შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მათივე თქმით, მეორე ტურის წინ, მუნიციპალიტეტებში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ, „გარკვეული თანხებისა და პროდუქტის შეთავაზებას ჰქონდა ადგილი.
„რიგ შემთხვევებში, იმ პირებს, ვინც, სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერების არიან, პირადობის დამდასტურებელი მოწმობების სანაცლოდ სთავაზობენ ფულს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
არსამთავრობოები განმარტავენ, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან „მასშტაბური სახე მიიღო“ სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტის, ასევე ხელფასების ზრდის შესახებ ინიციატივებმა, რომელთა შესახებ პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა. განცხადებში არასამთავრობოები ყურადღებას პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო გაყალბების შესახებაც საუბრობენ.
საარჩევნო ადმინისტრაცია
არსამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობაში დაბრკოლებას უქმნის. ამასთან, ისინი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესის გახანგრძლივებას საარჩვენო კოდექსის დარღვევად აფასებენ.
გარდა ამისა, ორგანიზაციების განმარტებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განცხადებამდე, თბილისის მერისა და თელავში ერთ-ერთი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების მხრიდან არჩევნების თარიღის გახმოვანება, „შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაციას“.
წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ პირველი ტურის შემდეგ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა შემოწირულების 85 % მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა კი, მხოლოდ 15 %. ისინი, პარტიების დაფინანსების რეგულაციების სავარაუდო დარღვევებზე აუდიტის სამსახურის „არაეფექტურ რეაგირებაზეც“ მიუთითებენ და განმარტავენ, რომ შემთხვევების გადამოწმების პროცესი უწყების მხრიდან „დიდხანს იწელებოდა და საბოლოოდ შედეგიც არ ჩანდა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)