1918: კავკასიის ერების კონფერენციაზე სომხური დელეგაცია არ ჩამოვიდა

1918 წლის ოქტომბრის ბოლოს, ოსმალთა ჯარების კავკასიიდან უკანდახევის შემდეგ სომხეთსა და საქართველოს შორის ლორეში მომხდარი შეტაკებების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ კავკასიაში სადავო საკითხების მოგვარება დიპლომატიური გზებით სცადა და ნოემბრის დასაწყისში თბილისში კავკასიის ერების კონფერენცია მოიწვია. კონფერენცია 10 ნოემბერს გაიხსნა, თუმცა მას ქართველებთან ერთად მხოლოდ აზერბაიჯანის მთავრობა და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენელნი ესწრებოდნენ.

სომხეთის დელეგაცია თბილისში არ ჩამოსულა, ოფიციალურად, თბილისსა და ერევანს შორის ცუდი სარკინიგზო მიმოსვლის მიზეზით. კონფერენცია ორჯერ გადაიდო, რათა სომხურ მხარეს ჩამოსვლა შეძლებოდა, თუმცა უშედეგოდ. კონფერენციას სხვა საკითხებთან ერთად საზღვრების თემაც უნდა განეხილა, რისი გადაუჭრელობაც დაძაბულობას იწვევდა კავკასიის ერებს შორის.

გაზეთი „შრომა“ 23 ნოემბრის ნომრის პირველივე სტატიაში სწორედ ამ კონფერენციას და სომხური დელეგაციის ჩამოუსვლელობას ეხმაურება. გაზეთმა სწორად განჭვრიტა, რომ კავკასიელ ერთა შორის სოლიდარობა მნიშვნელოვანი იყო მათი მომავალი თავისუფლებისათვის. უშედეგო დიპლომატიური მცდელობები სომხეთსა და საქართველოს ამ კონფერენციიდან 2-3 კვირაში ომის ფასად დაუჯდათ. 

 

(„შრომა“, N84, ნოემბრის 23, 1918)

კავკასიის ერების კონფერენციას, რომელიც დანიშული იყო 14 ნოემბრისათვის, სამწუხაროდ ვერ დაესწრნენ სომხეთის წარმომადგენელნი. დაშნაკელთა პრესამ, რომელმაც თავიდან კონფერენციის წინააღმდეგ გაილაშქრა, თავის მიზანს მიაღწია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ მეორეს მხრით, ისიც, რომ საქართველოში სომხეთის წარმომადგენლის განცხადებიდან და თვით სომხეთის მთავრობის დეპეშებიდან არ სჩანს, რომ სომხეთის მთავრობა იზიარებდეს დაშნაკელთა ორგანოების აზრს. თუმცა კონფერენციაზე არ გამოცხადდნენ სომხეთის წარმომადგენელნი, მაგრამ ჩვენს მთავრობას მაინც გაუმართავს მოლაპარაკება სომხეთის იმ დელეგატებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდენ ოსმალეთთან მოლაპარაკებაში. როგორც ჯამალიანის განცხადებიდან სჩანს, ასეთ მოლაპარაკებას თანაგრძნობით უყურებს სომხეთის მთავრობა, რაც იმის მომასწავებელია, რომ კაჩაზნუნის მთავრობა მდგომარეობას უფრო ფხიზლად აფასებს, ვიდრე დაშნაკელთა პარტია. შექმნილი კონიუნქტურა ბრძანებლობით უკარნახებს დღეს კავკასიის ერებს გამონახონ საერთო ენა და ხელიხელ ჩაკიდებულნი საერთო ძალღონით დაიცვან თავიანთი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები იმ ძალების, რომლებიც დღეს ბაქოში მკვიდრდებიან, მაგრამ ჩვენთვის აშკარაა, რომ ამიერ-კავკასიის დემოკრატიები სასტიკად შეებრძოლებიან ყოველ ნაბიჯს, ყოველ ზომას,რომელიც მიმართული იქნება ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წინააღმდეგ.

შეინარჩუნებენ თუ არა ამიერ-კავკასიის ერები დამოუკიდებლობას, ბევრად არის დამოკიდებული ამ ერების ურთიერთ გაგებაზე და შეთანხმებულ მოქმედებაზე. იმპერიალიზმი რომელი ქვეყნიდან არ უნდა იყოს ის, მთელი თავისი ბუნებით ეწინააღმდეგება ეროვნულ თავისუფლებას და ეროვნულ თავისებურობას. ამ შეგნებამ უნდა დაუახლოვოს ერთი მეორეს ამიერ-კავკასიის რესპუბლიკები, რათა საერთო საფრთხის წინაშე შეიქნას ერთი – სოლიდარობისა და აქტიური თანაგრძნობის – ფრონტი…