სალომე ზურაბიშვილი ეგზიტპოლების შედეგებს ეხმაურება
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა, საარჩევნო უბნები ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. საარჩევნო უბნების დახურვასთან ერთად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და „იმედმა“ მათვე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნეს. ორივე ეგზიტპოლით საპრეზიდენტო არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მედიასთან პირველი კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადებიდან დაახლოებით საათნახევარში გააკეთა, არჩევნების შედეგები საკუთარი შტაბიდან მას შემდეგ შეაფასა, რაც ქართული ოცნების ლიდერებმა პარტიის ცენტრალურ ოფისში არჩევნების შედეგები შეაჯამეს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი“ და „ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.
„ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და განვითარებას. ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა“, – განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა.
„ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩემი, ჩვენი თანამოაზრე დღეს არ არის, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთი პატარა ქვეყნის, ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ, უნდა გავამთლიანოთ, უნდა დავაწყნაროთ და უნდა დავამშვიდოთ“, – დასძინა მანვე და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ის „ყველაფერს იღონებს“.
საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველას, „ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“ მის გვერდით იდგა და „თავისი სიტყვა თქვა“ მადლობა გადაუხადა. „მადლიერი ვარ ყველასი მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა – ქართული ოცნების“, – დასძინა მანვე და განაცხადა, რომ ძალიან მალე მივაღწევთ იმ ერთიან მიზანს, რასაც „თანამედროვე, განვითარებული, გაძლიერებული და ღიმილიანი საქართველო ჰქვია“.
მანვე ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა და მომავალში მათთან თანამშრომლობის პირობა დადო. „ვიცი, რომ ყოველთვის არ გპასუხობდით ყველა თქვენს კითხვაზე, ზოგჯერ ასე იყო საჭირო“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
This post is also available in: Русский (რუსული)