ევროკავშირი და აშშ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ
ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმნენ OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებს, რომლის თანახმადაც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური „კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანია“. თუმცა, მათ „შეშფოთებით“ აღნიშნეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩეველთა მიმართ არასათანადო ზეწოლის შემთხვევები, „რაც მეორე ტურში უფრო შესამჩნევი გახდა“.
„ვწუხვართ საერთო ნეგატიური საარჩევნო კამპანიის, მედიის მკვეთრი პოლარიზაციისა და ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობის გამო“, – განუცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს 29 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს, ძალადობის მუქარას და სიძულვილის ენას საარჩევნო კამპანიის დროს, რაც დემოკრატიულ საზოგადოებას არ შეეფერება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „გამოძიება უნდა ჩატარდეს გამოვლენილი დარღვევებისა და ძალადობის ფაქტებზე“.
„ამგვარი ინციდენტები ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებას სრულიად სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თაობაზე და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ინსტიტუციებს გამოასწორონ ეუთო-ს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები, რათა სამომავლოდ საარჩევნო სტრუქტურა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა მან.
„ასევე აუცილებელია ამ არჩევნების მიღმა გავიხედოთ. საქართველოს ეროვნულ ინტერესშია რომ ხალხი შეთანხმების გზით გაერთიანდეს. გავიხსენოთ, რომ რაც ამ მოსახლეობას აერთიანებს ბევრად უფრო ძლიერი და მძლავრია, ვიდრე ის, რაც მის გაყოფას ოდესმე შეძლებდა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მან ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მომავალში მასთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. „ევროკავშირი/აშშ, როგორც საქართველოს ძლიერი პარტნიორები და მეგობრები, მზად ვართ დახმარებისა და საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების მეტად განვითარებისთვის. თუმცა, მაღალ ამბიციებს მაღალი სტანდარტები უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა ელჩმა.
ამერიკის შეერთებული შტატები ასევე მიესალმა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს და მათი შეშფოთება გაიზიარა. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას ეუთოს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ აღნიშნული ხარვეზები და მზად ვართ ამ ძალისხმევაში დავეხმაროთ მათ“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ 30 ნოემბერს გავცელებულ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)