ევროპული საქართველო ძალა ერთობაშიას 2 დეკემბრის აქციას არ შეუერთდება
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, პარტია 2 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის მიმართ „სოლიდარულია“, თუმცა დემონსტრაციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ დავით ბაქრაძემ, 30 ნოემბერს პარტიის პოლიტსაბჭოს ყრილობის დასრულების შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული იმ მოქალაქის და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ, როგორც პარტია, ორგანიზაციულად, ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
„შექმნილ ვითარებაში სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია თითოეული იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გაპროტესტება უნდა მოხდეს კანონიერი საპროტესტო საშუალებებით, მაგრამ ევროპულ საქართველოს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, არჩევნებზე დაფიქსირებული „პრობლემების მასშტაბი“ მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ „არჩევნების მეორე ტური ვერ ჩაითვლება ქვეყანაში მოქალაქეების თავისუფალი ნების გამომხატველად და ამას ადასტურებს არასამთავრობო და საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან კრიტიკული დასკვნები, რომლის კრიტიკულობის ხარისხი უპრეცედენტოა მთელი ბოლო წლების განმავლობაში არჩევნებთან მიმართებით“.
„ჩვენი შეფასებითაც, რომელიც მთლიანად ემთხვევა საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც არ გააჩნია დემოკრატიული მანდატი, მიღებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“, – დასძინა მანვე.
თუმცა, ბაქრაძის განმარტებით, „საქართველოში ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადები“. „ჩვენი ხალხი ძალიან მშვიდად, გააზრებულად, საარჩევნო ყუთებთან, არჩევნების გზით, მზად არის ხელისუფლების შესაცვლელად, როგორც ეს ხდება განვითარებულ, დასავლურ დემოკრატიებში“, – დასძინა მანვე.
სწორედ ამიტომ, ბაქრაძის განმარტებით, „მომდევნო პერიოდში“ „პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ამოცანა“, ისეთი პირობების შექმნაა, რომ „საქართველოში ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება, მათ შორის, შეცვალოს ხელისუფლება“.
ამისთვის მთავარ კომპონენტად დავით ბაქრაძე საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობას და პროპორციულ ან რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ასახელებს, „რასაც უნდა მოჰყვეს პარლამენტის [რიგგარეშე] არჩევნები“.
ბაქრაძის თქმით, აუცილებლად უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელებსაც ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან ერთად წარადგენს.
ბაქრაძემ მოქმედების გრძელვადიანი სტრატეგიის მოსაფიქრებლად, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების შეცვლის წინაპირობას შექმნის, ოპოზიციურ სპექტრს კონსულტაციების „დაუყოვნებლივ“ დაწყებისკენ მოუწოდა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარება საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, 29 ნოემბერს ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დააანონსა. გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც პროპორციული ან ნახევრად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)