საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური: ადგილობრივი ანალიტიკოსების შეფასებები
28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 40.48% მოაგროვა.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა მეორე ტური შეაფასეს როგორც კონკურენტული, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში რიგ ხარვეზებსაც გაუსვეს ხაზი. დამკვირვებლების თქმით, კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, თუმცა ერთი მხარე არასათანადო უპირატესობით სარგებლობდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ კომენტარისთვის, არჩევნების შედეგების და შესაძლო მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოლიტიკური შედეგების შეფასება Civil.ge-მ სამ ანალიტიკოსს – კორნელი კაკაჩიას, გია ნოდიას და თორნიკე შარაშენიძეს სთხოვა.
კორნელი კაკაჩია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი
„არჩევნების მეორე ტური იყო იმის კლასიკური ნიმუში, როგორ არ უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს, ის შორს იყო იმ საერთაშორისო სტანდარტებისგან, რისკენაც ქვეყანა მიისწრაფვის. განსაკუთრებით ხინჯად დარჩება წინასაარჩევნოდ, 600 000 მოქალაქისთვის 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის სესხის განულების დაპირება, რომელმაც გარკვეული გავლენა მოახდინა ამომრჩევლების ქცევაზე. ასევე სერიოზულ პრობლემად დარჩა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხელისუფლების სასარგებლოდ. თუ ამ საკითხებს ახლავე არ მიეცა პრინციპული შეფასება, როგორც საზოგადოების ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამან შეიძლება გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს 2020 არჩევნების მიჯნაზე.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უკანგადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჩატარებული არჩევნების ისტორიაში. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მედიის უკიდურესი პოლარიზაცია, რაც ეჭვქვეშ აყენებს, მედიის როგორც მეოთხე ხელისუფლების დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ არჩევნების პერიოდში მედიის ძირითადი ნაწილი, ფაქტობრივად, გახდა პოლიტიკური პარტიების ინსტრუმენტი, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს, როგორც მედიის რეპუტაციას საზოგადოებაში, ასევე გარკვეულ კითხვებს ბადებს ამომრჩევლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ობიექტურობის შესახებ.
სამწუხაროა ისიც, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო უარი ეთქვა ნეგატივზე აგებულ აგრესიულ კამპანიაზე, რამაც განაპირობა ამომრჩევლების გარკვეული ნაწილის გაუცხოება საარჩევნო პროცესისადმი. საარჩევნო კამპანიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ის ფაქტი, რომ ჩვენ არ გვყავს ამომრჩევლების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკური პარტიები და აქედან გამომდინარე, ხშირად ისინი ვერ ასახავენ ამომრჩევლების განსხვავებულ ინტერესებს. მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ შეძლო მის ხელში არსებული უზარმაზარი რესურსების ხარჯზე მოეხდინა მასიური მობილიზაცია და საკუთარი მომხრეების კონსოლიდაცია, ოპოზიციურმა ძალებმა საკუთარი რადიკალური ლოზუნგებით ვერ შეძლეს ზომიერი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე.
მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა საკმაოდ ნათლად აგრძნობინა ხელისუფლებას რომ ის უკმაყოფილოა მისი საქმიანობით და მეორე ტურის დანიშვნით, ფაქტობრივად, ბოლო გაფრთხილება მისცა მას. თუ ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ვერ მოახერხა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალ-ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება, არ არის გამორიცხული, რომ 2020 წლისთვის, მოხდეს რეჟიმის ცვლილება არჩევნების მეშვეობით. მიუხედავად წაგებისა, არჩევნების შედეგები კიდევ უფრო აძლიერებს ოპოზიციის მოლოდინს, რომ მათ აქვთ სერიოზული შანსები შემდგომ საპარლამენტო ციკლში. თუმცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, რათა ყველა პარტიას ჰქონდეს წარმატების შანსი. ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა თუ მივიღებთ მულტიპარტიულ პარლამენტს, სადაც ძირითადი პარტიები მოახერხებენ როგორც ერთმანეთის რადიკალური ინსტიქტების დაბალანსებას, ასევე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი და შედარებით დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში“.
გია ნოდია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის დირექტორი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი:
„ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში დაახლოებით 20%-ით აღემატებოდა პირველი ტურის მონაცემს და, სავარაუდოდ, ახალი ამომრჩევლების დიდმა უმრავლესობამ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. ორი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ მოხდა ეს. პირველი, ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ადამიანების შიში, რომელთაც რეალურად აშინებდათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების პერსპექტივა: ბევრმა მათგანმა არ შეიწუხა თავი, რომ პირველ ტურზე მისულიყო.
თუმცა, ქართულმა ოცნებამ თავისი კანდიდატისთვის მხარდაჭერების მობილიზებისთვის ნაკლებად ლეგიტიმური მეთოდები გამოიყენა. როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ დემოკრატიული სტანდარტები მკვეთრად დაეცა პირველი ტურის შემდეგ, რამაც ის ბოლო წლების ყველაზე უარეს არჩევნებად აქცია. ამომრჩეველთა დაშინება (განსაკუთრებით, საჯარო სამსახურის თანამშრომლების), ამომრჩეველთა მოსყიდვა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა.
ამ ორი ფაქტორიდან რომელმა იქონია გადამწყვეტი გავლენა საბოლოო შედეგზე? შეძლებდა თუ არა სახელისუფლო კანდიდატი გამარჯვებას უკანონო მეთოდების გამოყენების გარეშე? ამას დარწმუნებით ვერასდროს გავიგებთ. ოპოზიციის კამპანია, რომ არ აღიაროს არჩევნების შედეგები არ ეფუძნება დამაჯერებელ გარემოებას, მაგრამ პროცესის ლეგიტიმურობა უგულებელყოფილ იქნა.
ამან, მხარეების არასწორ, მთლიანად უარყოფით და პოპულისტურ კამპანიასთან ერთად, არასასიამოვნო შეგრძნება დატოვა. ამ ეტაპზე სტატუს-კვო შენარჩუნებული იქნება, თუმცა გამოჩნდა ქართული ოცნების პოზიციის სისუსტე, რამაც, შესაძლოა, კიდევ უფრო გაურთულოს მას მდგომარეობა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანებულმა კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ და მისმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დაამტკიცეს, რომ ისინი უფრო ძლიერი მოთამაშეები არიან, ვიდრე თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის მკვეთრად უარყოფითი რეიტინგი მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მესამე პარტიების განვითარებაზე, რომელთაგანაც პირველი ტურის დროს, სათანადო შედეგი მხოლოდ ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ აჩვენა“.
თორნიკე შარაშენიძე, საზოგადოებრივ საქმეთა ქართული ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო საქმეთა სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:
„ეს მმართველი პარტიისთვის პიროსის გამარჯვებაა. მათ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეს იმ თანამდებობისთვის, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ახალი რთული მომავლის წინაშე დგანან გაუარესებული რეპუტაციით (იმ საპრეზიდენტო კამპანიის გამო, რომელსაც გაუჭირდა დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება), პრობლემური პრეზიდენტით და მეტი დაპირებით, რომლის შესრულებაც მოუწევთ.
ამავე დროს, გრიგოლ ვაშაძემ გამოიჩინა თავი, როგორც დამოუკიდებელმა ლიდერმა, რომელსაც შესწევს უნარი გააერთიანოს პოლიტიკური ძალები და რომელმაც იმავდროულად აჩვენა, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მარიონეტი არ არის. მას აქვს შანსი, რომ მეტ წარმატებას მიაღწიოს და კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდეს ქართული ოცნებისთვის 2020 წელს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)