“Fake news”-ები რუსულენოვან მედიაში: ქართველებმა ფოთში სომხები გაჟლიტეს
(„სახალხო საქმე“, N399, დეკემბრის 3, 1918)
პროვოკაციული ცნობები
როგორც გაზ. „ბორბა“ გადმოგვცემს მათ მიუღიათ გაზეთები, რომელშიაც სხვათა შორის შემდეგი ამბებია:
- სომეხ-ქართველთა შეტაკება კავკასიაში
ძველმა ზიზღმა ქართველებისამ კვლავ იჩინა თავი არაჩვეულებრივ ძალით. აუარებელი მსხვერპლია ზღვაა სისხლისა.
„კაროლ ალბერტით“ ფოთიდან მოიყვანეს ოდესაში დაჭრილი გერმანელები. იგინი დაჭრილნი არიან შემდეგ პირობებში: ქართველები ფოთში დაეცნენ სომხებს და, როგორც მოსულები გვარწმუნებენ, დაუწყეს ხოცვა. სომეხთა ჟლეტის დროს ამ უკანასკნელებს გერმანელები მიემხრნენ. როდესაც გერმანელი ჯარები წავიდნენ ფოთიდან, ისევ დაიწყო სომეხ-ქართველთა შეტაკება. მსხვერპლი სომხების მხრივ აუარებელია.
- ომი სომეხ-ქართველთა შორის.
როსტოვი ნ.დ. ნოემბრის 10 (ჩვ. კორ). ამიერკავკასიიდან მოსულები გადმოგვცემენ, რომ სამხედრო მოქმედებანი სომეხ-ქართველთა შორის იღებენ ფართო ხასიათს. უკანასკნელ დღეების ბრძოლაში სომხებმა გაიმარჯვეს. მათ მიერ დაკავებულია ტფილისის მიდამოები. („ოდესსკია ნოვოსტი“ ნოემბრის 12).