იზორია თავდაცვის რეფორმებსა და პრიორიტეტებზე საუბრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 6 დეკემბერს სამინისტროს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2018 წლის შედეგებს აჯამებს და მომავალი წლის თავდაცვის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
სამინისტროს თანამშრომლების, სამხედრო მოსამსახურეების და უცხოელი დიპლომატების წინაშე გამოსვლისას იზორიამ განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკა ნატოსა და ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების თვალსაზრისით, შესაძლოა, შეფასდეს როგორც „სტრატეგიული მზადყოფნა“.
„ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მზად უნდა ვიყოთ იმ სტრატეგიული ამოცანის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ჰქვია…რაც შეეხება სტრატეგიული მოთმინება, რომელიც იყო ხშირად აპრობირებული ტერმინი, ვფიქრობ, მიზანშეწონილია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით“, – განაცხადა იზორიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის თავდაცვით პოლიტიკას ორი სტრატეგიული მიზანი აქვს – ესაა თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. იზორიას თქმით, ეს მიზნები ორ პრინციპს ეფუძნება – შეკავების პოლიტიკას და ტერიტორიულ თავდაცვას.
„შეკავების პოლიტიკა გულისხმობს: ჩვენი შეიარაღებული ძალები გავხადოთ ისეთი ძლიერი, რომ პოტენციურ აგრესორს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ის ადეკვატურ პასუხს მიიღებს და მას ეს დიდი პოლიტიკური და სამხედრო ფასი დაუჯდება. ტერიტორიული თავდაცვის პრინციპი კი, გულისხმობს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, აგრესორი სამხედრო გზით უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
იზორიამ თავდაცვის ბიუჯეტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში „თავდაცვის ბიუჯეტის 20 % მიმართულია ძირითადი შეიარაღების შეძენაზე“, რითაც, მისი თქმით, „უკვე ვაკმაყოფილებთ ამ კონტექსტში ნატოს სტანდარტს“. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის დროს, პერსონალური დანახარჯების წილი 53%-მდე შემცირდა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი ეროვნული თავდაცვის სტრატეგია 2019 წლის დასაწყისში იქნება მიღებული და ის ტოტალური თავდაცვის პრინციპს დაეფუძნება.
მან შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის გეგმებზეც ისაუბრა, რაც ცალკეული დანაყოფებისთვის მეტ მობილურობას, მეტ ავტონომიურობას, ითვალისწინებს. „მხედველობაში მაქვს, სწორედ ცენტრალიზებული მართვის პირობებში დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი და ამოცანის მართვის კულტურა“, – განმარტა იზორიამ.
„ამ მიმართულებების ფარგლებში, ტექნიკაც თანაბრად განაწილებული უნდა იყოს. ანუ, ყველას ჰქონდეს მექანიზებული ელემენტი, ყველას ჰქონდეს თანაბარი ანტისაჰაერო ტაქტიკური შესაძლებლობები, ანტისატანკო შესაძლებლობები და ამით აქცენტი გავაკეთოთ სწორედ მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკაზე“, – განაცხადა მინისტრმა.
პრეზენტაციის დროს, ლევან იზორია სხვა საკითხებსაც შეეხო, მათ შორის, საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო მისიებში ქვეყნის წვლილს გაუსვა ხაზი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)