საქართველოს პარლამენტს ახალი რეგლამენტი აქვს
საქართველოს პარლამენტმა 6 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე, 77 ხმით ორის წინააღმდეგ, თავისი ახალი რეგლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტი კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან არის თანხვედრაში, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა.
რეგლამენტის პროექტი დეპუტატებს დოკუმენტის ავტორმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააცნო და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ზრდას გაუსვა ხაზი. დოკუმენტის განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო უმცირესობას. ახალი რეგლამენტის მიღების წინააღმდეგ ხმა ქართული ოცნების ორმა დეპუტატმაც მისცა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ახალი რეგლამენტის მიღების ძირითადი მიზანი საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო მმართველობის ქვეყნისთვის დამახასიათებელ ძლიერ ინსტიტუციად ფორმირებაა. ამასთან, რეგლამენტში ძირითადი ცვლილებები პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას ეხება, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე ზედამხედველობასაც.
რეგლამენტის ახალი რედაქციით, პარლამენტის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის ადგილად, ქუთაისის ნაცვლად, დედაქალაქი – თბილისია განსაზღვრული, პარლამენტის სხდომის სხვა ადგილას გამართვა კი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რამე მიზეზის გამო, პარლამენტის სასახლე ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას სესიების სხვა ადგილას გამართვის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარე იღებს. საპარლამენტო ქალაქად ქუთაისის ჩანაწერი ახალი კონსტიტუციიდანაც არის ამოღებული.
ცვლილება შევიდა რეგლამენტის მე-19 მუხლშიც, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშთან ერთად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმასაც წარმოადგენს.
ცვლილებები შეეხო რეგლამენტის იმ ნაწილსაც, სადაც პარლამენტის მთავრობასთან ურთიერთობის ფორმებია განსაზღვრული. კერძოდ, რეგლამენტის ახალი რედაქციით, წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში წარუდგენს.
ახალი რედაქციით, პარლამენტი კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე მთავრობის წევრებს და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა თანამდებობის პირებს პლენარულ სხდომებზე სავალდებულო წესით იწვევს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, ერთი მეხუთედის ნაცვლად.
ამასთან, თანამდებობის პირების პარლამენტში სავალდებულო წესით მოწვევის უფლება კომიტეტსაც აქვს. თანამდებობის პირს საკომიტეტო მოსმენაზე იწვევს კომიტეტის უმრავლესობა ან ფრაქცია. ამ უკანასკნელს თანამდებობის პირის მოწვევის უფლება იმ შემთხვევაში აქვს, თუკი მას კომიტეტში წევრი ჰყავს. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა ოპოზიციის მხრიდან რეგლამენტის კრიტიკის ერთ-ერთი საგანი.
ახალი რეგლამენტით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ნაცვლად ათკაციანი ჯგუფისა, უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს. თავის მხრივ, შეკითხვის ადრესატი ვალდებულია პარლამენტში წარდგეს და იმ საკითხებზე ისაუბროს, რომლებიც მას გადაეცა, პარლამენტში მისვლამდე არაუგვიანეს 10 დღისა. ამასთან, ახალი რეგლამენტის 153-ე მუხლით გათვალისწინებულია მინისტრის საათიც, რაც წელიწადში ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგლამენტისგან განსხვავებით, ახალ რედაქციაში შეცვლილია პოლიტიკური დებატების გამართვის მექანიზმი. თუკი ძველი რედაქციით პოლიტიკური დებატების გამართვის მოთხოვნის უფლება ფრაქციებს, უმრავლესობას და უმცირესობას ჰქონდა, ახალი რედაქციით, წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე დებატების გამართვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნაა საჭირო.
ცვლილება შეეხო დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების განსაზღვრასაც. კერძოდ, რეგლამენტის ძველი რედაქციისგან განსხვავებით, დროებით საგამოძიებო კომისიას სისხლის სამართლის საქმის ადგილზე გასაცნობად, გენერალური პროკურორის ნებართვა აღარ დასჭირდება.
ახალი რეგლამენტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ცალკეული ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლების და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების შემადგენლობით, პარლამენტი უფლებამოსილია სათათბირო ორგანო – სახელმწიფო კომისია შექმნას. კომისიას უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები.
წინა რედაქციისგან განსხვავებით, ახალ რეგლამენტში დეტალურად არის განსაზღვრული პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფუნქციებიც. ასევე, რეგლამენტით გათვალისწინებულია ის პროცედურებიც, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის მონაწილეობასთან სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაში.
პარლამენტის ახალი რეგლამენტი ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა, რის შემდეგაც მოქმედი რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.
პოლიტიკური შეფასებები
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების ავტორის და პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, რეგლამენტის ახალ რედაქციაში არის ძალიან ბევრი სიახლე, რაც საკანონმდებლო ორგანოში ბევრად უფრო “დინამიკურ და საინტერესო” პროცესებს წაახალისებს. „ველოდებით ბევრად უფრო ხშირად მთავრობის წარმომადგენელების მოსვლას პარლამენტში და საკანონმდებლო ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას“, – დასძინა მან.
„არის ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საკანონმდებლო პროცესი იყოს ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე ეს ადრე იყო. იყოს ბევრად უფრო ღია და ჩართულობითი იმ პირებისთვის, ვისაც აინტერესებს ეს პროცესი და პარლამენტის საქმიანობა“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
ახალ რეგლამენტს იწუნებენ ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ რეგლამენტის ახალი რედაქციით „ოპოზიციას და ფრაქციებს მინისტრების დაბარების ფუნქცია აღარ აქვთ“.
„ამ რეგლამენტმა, საბოლოო ჯამში, გააკეთა ის, რომ ოპოზიციას და ფრაქციებს დაუკარგა უფლება დაებარებინა მთავრობა და ამასთანავე, ვითომ გააკეთილშობილეს, იმ გაგებით, რომ ჩადეს მინისტრის საათი… მაგრამ ამავდროულად პრაქტიკულად უფუნქციოდ დატოვეს ოპოზიცია და შესაძლებლობა, რომ ნორმალური კითხვები დავუსვათ და შევიდეთ დისკუსიაში მთავრობის წევრებთან“, – განაცხადა დეპუტატმა Civil.ge-სთან საუბარში.
მისივე თქმით, უმრავლესობამ „კითხვა-პასუხისა“ და „პოლიტკურ პაექრობაზე უარი თქვა“ და არც ოპოზიციის რეკომენდაციები გაითვალისწინა. „ასეთ სიტუაციაში მისვლა და ილუზიის შექმნა ვითომ მონაწილეობას იღებს ოპოზიცია [განხილვაში] არასწორი იქნებოდა… მოირგეს თავის თავზე რეგლამენტი“, – განმარტა მან.
ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით კი, პრობლემა არა რეგლამენტში, არამედ პარლამენტის ხელმძღვანელობაშია. მისი თქმით, ახალი რეგლამენტის ზოგიერთი პუნქტი, მაგალითად მინისტრების მოსმენა პარლამენტში, დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუმცა არის „გაუარესებული“ პუნქტებიც.
„ხდება ფრაქციების, როგორც პოლიტიკური სისტემის ნაწილის როლის დაკნინება და განსაკუთრებით, ეს შემდეგ გამოვლინდება ოპოზიციის როლის დაკნინებაში, ფრაქციებს არ ექნებათ უფლება, რომ დაიბარონ მინისტრი ან სხვა თანამდებობის პირი… მხოლოდ კომიტეტებს ექნებათ ამის შესაძლებლობა და თუ კომიტეტებში ოპოზიციას არ ჰყავს საკმარისი წარმომადგენლობა, ფაქტობრუვად, გამოდის, რომ მხოლოდ უმრავლესობას ექნება ასეთი უფლებები, შეიძლება ითქვას, რომ სასათბურე მდგომარეობაში აყენებენ არსებულ ხელისუფლებას და ოპოზიციის მხრიდან მწვავე კითხვების დასმისგან არიდებენ“, – განუცხადა Civil.ge-ს რომან გოცირიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)