ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა
რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მავთულხლართების აღმართვა განაახლა, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მწვავე განცხადებით შეხვდა. ცოტა ხნის წინ კი, ახალგორში რუსულენოვანი სკოლა გაიხსნა, რაც, ოფიციალური თბილისის განცხადებით, რუსიფიკაციის და ტერიტორიის ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა. ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, რითაც იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის კუთხით პრობლემები შეუქმნა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები დღითი-დღე უფრო ილახება და საინტერესოა, რა სახის დაცვას სთავაზობს მათ საერთაშორისო სამართალი.
რა არის ოკუპაცია?
საერთაშორისო სამართლის კლასიკური გაგებით, ოკუპაცია სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც ოკუპანტი ძალა უშუალოდ იკავებს გარკვეულ ტერიტორიას, მოქმედ სუვერენს ანაცვლებს და საკუთარ მმართველობას ამყარებს. რუსეთის ფედერაცია სწორედ იმას დავობს, რომ აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში რუსული მმართველობა არ დამყარებულა. შესაბამისად, რუსეთის სამხედრო მეთაურობას არც მოქმედი ხელისუფლება ჩაუნაცვლებია. თუმცა, თანამედროვე ოკუპაციის სამართალში ეს მიდგომა შეიცვალა და ტერიტორია ოკუპირებულად მაშინაც ითვლება, როდესაც ამ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ დეფაქტო ადგილობრივ მმართველობაზე ზოგად კონტროლს უცხო სახელმწიფო ახორციელებს. ოკუპანტად სწორედ ეს გარე ძალა მოიაზრება.
არის თუ არა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული?
საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება 2008 წლიდან დღემდე, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. თუმცა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპანტ ძალად განიხილება, ხოლო სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული მთავრობები კი, რუსეთის დეფაქტო კონტროლის ქვეშ მყოფ ორგანოებად. აქედან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის პირველადი ვალდებულება სწორედ რუსეთს ეკისრება.
ქმედებები კი, რომელსაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობა რუსეთის ფედერაციის წაქეზებითა თუ უმოქმედობით სჩადის, საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოშობს. მაგალითად, ასეთი ქმედებებია – გალისა და მოგვიანებით უკვე ახალგორის რაიონის ქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების სრული აკრძალვა, ქართული სკოლების რუსულით ჩანაცვლება და არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლა.
აქვს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება?
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების უფლებას ეხება ჟენევის მე-4 კონვენცია (სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ), რომელიც ოკუპანტ ძალას ვალდებულებას უწესებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით დაეხმაროს და წაახალისოს ბავშვზე ზრუნვისა და განათლების ყველა ინსტიტუციის გამართული მუშაობა. ბავშვთა ამგვარ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი, რა თქმა უნდა, უპირველესად სწორედ სკოლები მოიაზრება, ხოლო მათი „გამართული მუშაობა“ ისე არ უნდა იყოს გაგებული, რომ ოკუპანტ ძალას საგანმანათლებლო ინსტიტუციის შიდა საქმიანობაში ჩარევა ეკრძალება, პირიქით მას ასეთი დაწესებულებების გაძლიერება ევალება, რათა მათ თავიანთი ფუნქციების შესრულება ძველებურად განაგრძონ. ეს კი თავისთავად მოიცავს რუსეთის ფედერაციის ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ზოგადი განათლების მათ ენაზე მიღების შესაძლებლობა.
გარდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში მოცემული ზოგადი ვალდებულებისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტ ძალას ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებაც ეკისრება.
საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გარანტირებული, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებშიც ვრცელდება. დამატებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განათლების მიღება საკუთარი ენის დამწერლობაზე დაუბრკოლებლად სწავლის შესაძლებლობასაც მოიცავს. საქმეში კატანი და სხვები მოლდოვას და რუსეთის წინააღმდეგ, (პარაგრაფი 144) სასამართლომ მიიჩნია, რომ დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ენის პოლიტიკა, ამ რეგიონში მცხოვრები მოლდოველი თემის ენისა და კულტურის რუსიფიკაციას ისახავდა მიზნად, რაც არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და დნესტრისპირეთის დეფაქტო მთავრობის ქმედებებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას წარმოშობდა, რადგან ამ უკანასკნელს კონტროლს სწორედ რუსეთის ფედერაცია უწევდა. გარდა ამისა, სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაში საქმეზე კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (პარაგრაფები 273-280) დაადგინა, რომ ოკუპირებულ ჩრდილოეთ კვიპროსში ბერძნულენოვანი მოსახლეობისათვის ბერძნულ ენაზე საშუალო განათლების მიღების შესაძლებლობის არქონა კონვენციის დარღვევაა, რადგან მოსწავლეები, რომლებმაც დაწყებითი განათლება ბერძნულ ენაზე მიიღეს, ჩრდილოეთ კვიპროსის დეფაქტო მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო, საკუთარ ენაზე საშუალო განათლების მიღებას ვეღარ ახერხებდნენ. ამის გამო, მშობლებს თავიანთი შვილები ან კუნძულის სამხრეთ, არაოკუპირებულ ნაწილში უნდა გადაეყვანათ, ან მათ განათლების მიღება თურქულ ან ინგლისურ ენებზე უნდა გაეგრძელებინათ.
დნესტრისპირეთთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ილაშკუ და სხვები მოლდოვასა და რუსეთის წინააღმდეგ (პარაგრაფი 331) მიდგომა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა მოლდოვის რესპუბლიკასაც შეიძლება დაეკისროს, თუკი ის პოზიტიურ ვალდებულებებს არ შეასრულებს, რაც მის ხელთ არსებულ და საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ყველა შესაძლო დიპლომატიური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ სხვა სახის ზომების მიღებას გულისხმობს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს კონვენციით გარანტირებული უფლებების დაცვა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მის საერთაშორისო საზღვრებად ითვლება.
შეუძლია თუ არა ოკუპანტ ძალას, რომ მოსახლეობას ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილში არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს?
როდესაც საქმე ოკუპანტი ძალის სამხედრო ინტერესებს ეხება, სავარაუდოა რომ ის ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკურ აქტივობასაც შეზღუდავს, რათა პოლიტიკური გზით საოკუპაციო ჯარისათვის ან საოკუპაციო ადმინისტრაციისათვის წინააღმდეგობის გაწევა თავიდან აიცილოს. ჰააგის რეგულაციების 43-ე მუხლის ფართო განმარტება ოკუპანტს ამის უფლებას აძლევს. თუმცა, ოკუპანტს არ შეუძლია, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილში არჩევნებში ან პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუზღუდოს (როდესაც სახეზეა ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპაცია), რადგან ჰააგის 42-ე რეგულაცია აშკარად აცხადებს, რომ ოკუპაცია მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ვრცელდება, რომელზეც მოწინააღმდეგე ძალამ კონტროლი დაამყარა. შესაბამისად, ოკუპანტის მიერ ქვეყნის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა ოკუპაციის საერთაშორისო სამართლის სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოვა და უკანონოდ ჩაითვლება, რადგან ოკუპანტ ძალას არ აქვს უფლება, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას რაიმე ქმედება იმ ტერიტორიის მიღმა აუკრძალოს, რომელსაც ის აკონტროლებს. ამიტომ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის (ძირითადად გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები) არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის აკრძალვა სრულიად უკანონოა.
რა ვალდებულებები აქვს საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით?
მოლდოვას მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის კუთხით პოზიტიური ვალდებულება საქართველოს მთავრობამაც უნდა გაიზიაროს, რაც ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების შელახვის შესახებ ინფორმაციის ყველა შესაძლო ფორუმზე გაჟღერებასა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას მოიცავს, რათა დიპლომატიური ზეწოლის გზით, აღიკვეთოს დეფაქტო მთავრობების უკანონო ქმედებები, რომელიც წახალისებული ან უყურადღებოდ დატოვებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
საქართველოს მთავრობა ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის, გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, აქტიურად აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რომელიც ამ ეტაპამდე რაიმე კონკრეტული შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, საქართველო რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების უფლებების (მათ შორის, განათლების უფლების) მასობრივ დარღვევას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებულ საქმეში – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) ედავება, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. ამასთანავე, აუცილებელია, რომ საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციისა და შევიწროვების საკითხი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებშიც დააყენოს. წლიდან წლამდე სულ უფრო წარმატებულად ხდება გენერალური ასამბლეის მიერ ე.წ. დევნილთა დაბრუნების რეზოლუციის მიღება, რომლის მომხრეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ, მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელია იგივე გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების უფლებრივი მდგომარეობის საკითხის წამოწევა და განხილვების ინიცირება.
გარდა ამისა, ფართო ადვოკატირების შემთხვევაში, საკითხის განხილვა გაერთიანებული ერების სასამართლოს ფარგლებშიც არის შესაძლებელი, რომელსაც გენერალური ასამბლეის მიერ შეიძლება ეთხოვოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი მცდელობა, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განეხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რაიმე შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა, რადგან საქმის დაუშვებლად გამოცხადების გამო, სასამართლოში განხილვები შეჩერდა.
რა დარღვევებს ჩადიან დეფაქტო მთავრობები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ბინადრობის წესების შემოღებით?
საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული და ეფექტიანი ნაბიჯები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისათვის არა მხოლოდ განათლების უფლების დაცვა, არამედ ზოგადად ამ ტერიტორიაზე მათი დარჩენის საკითხი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მას შემდეგ რაც სოხუმის ფაქტობრივმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქართველების მიმართ ბინადრობის მოწმობის ახალ რეგულაციებს აამოქმედებს, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის დამატებითი პრობლემების შემქმნელი იქნება გადაადგილებისა და ზოგადად უსაფრთხოდ ცხოვრების კუთხით. ცხადია, რომ სოხუმის ეს ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიის დემოგრაფიული შემადგენლობის იძულებითი ცვილებისკენაა მიმართული. გალის რაიონის მცხოვრებთათვის აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის (ან ბინადრობის) მიღებით ან მიღებაზე უარის თქმით, რეალურად ამ ხალხს საოკუპაციო ხაზის გადმოღმა გადმოსვლასა და უკან დაბრუნებაში პრობლემა შეექმნება. ამასთან, დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ჟენევის მე-4 კონვენცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაცული პირების იძულებით დეპორაციას ან ტრანსფერს კრძალავს . ამგვარი იძულებითი განდევნა ისეთ სიტუაციებსაც მოიცავს, როდესაც ეთნიკური უმცირესობის წევრი დაცული პირები მუდმივ დევნასა და დისკრიმინაციას განიცდიან და ამის საფუძველზე ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება სურთ.
ამის საფუძველზე, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების დისკრიმინაციული და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროვებისაკენ გადადგმული ნაბიჯები (მათ შორის ბინადრობის მოწმობების გაცემა), შესაძლოა, დეფაქტო იძულებით ტრანსფერად ჩაითვალოს, რაც ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევად მიიჩნევა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტით) ომის დანაშაულადაა გამოცხადებული.
რა ვალდებულება შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი უკანონო ფაქტების გამოძიების კუთხით?
სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამოძიებით საერთაშორისო მართლმსაჯულებითი ორგანოები დაინტერესდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ ეროვნულ დონეზე მუშაობა გააქტიურდეს და საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ უკანონო ფაქტებზე მოკვლევა დაიწყონ, რათა იმ პირების გასამართლება შეძლონ, რომელთა ბრალეულობაც შეიძლება გამოიკვეთოს სავარაუდო ომისა თუ სხვა სახის დანაშაულებში, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით [რომელიც ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც] დასჯადია, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ამ პირების წარდგენა სასამართლოს წინაშე. ქართული სასამართლოს ამგვარი ჟესტი მართლმსაჯულების აღდგენასა და მსხვერპლთა უფლებების დარღვევის აღიარებაში საკუთარ წვლილს მაინც შეიტანს.
საბა ფიფია – სამართლის დოქტორი, ასწავლის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და საერთაშორისო სისხლის სამართალს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში.
This post is also available in: English (ინგლისური)