გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია სალომე ზურაბიშვილის „რეგისტრაციიდან მოხსნას“ და არჩევნების მეორე ტურის შედეგების ანულირებას ითხოვს. შესაბამისი სარჩელით გაერთიანებამ სასამართლოს დღეს უკვე მიმართა.
10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ყურადღება საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლზე გაამახვილა, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვაზეა საუბარი.
„ჩვენს სარჩელში უზარმაზარი, ზღვა მასალაა უკვე წარმოდგენილი, ერთის მხრივ, 600 000 ადამიანზე თაღლითური დაპირების, რომ მათ სესხები გაუუქმდებათ, ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა, და მეორე – ყველას კარგად გვახსოვს, ხახვები, კარტოფილები და უფასო მეორადი ტანსაცმლის დარიგება. ამის ყველაფრის ვიდეო და აუდიომასალა გვაქვს, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ვითხოვთ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და ანულირებული იქნება არჩევნების შედეგები“, – დასძინა გიორგი ვაშაძემ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ თუკი ადგილობრივ დონეზე შესაბამისი შედეგი არ დადგება, „უკვე მივმართავთ საერთაშორისო ინსტანციებს, მათ შორის, სტრასბურგს და მათ შორის ევროსაბჭოში იქნება ძალიან კონკრეტული, მკვეთრი განცხადებები, სალომე ზურაბიშვილის არჩევასთან დაკავშირებით“.
მისივე თქმით, „სარჩელს თან ერთვის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები მასობრივი მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა“. ვაშაძის განმარტებით, განცხადებას, რომ „სალომე ზურაბიშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, აქვს თავისი სამართლებრივი დასაბუთება“.
ოპოზიციური გაერთიანება საქართველოს მთავარ პროკურატურასაც მიმართავს და სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ვაშაძის განმარტებით, მათ 600 000 მოქალაქისთვის ვალის ჩამოწერის შესახებ განცხადებით „პირდაპირ ეთერში სისხლის სამართლის დანაშაული“ ჩაიდინეს.
„ჩვენი საჯარო განცხადება არის ვალდებულება თქვენთვის, რომ დაუყოვნებლივ აღძრათ საქმე ორივე ამ სუბიექტის მიმართ“, – მიმართა მან პროკურატურას და დასძინა, რომ „ადრე თუ გვიან, კანონი იზეიმებს და ამას ექნება თავისი სამართლებრივი შედეგი… ყველამ უნდა იცოდეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს არ უნდა ჩადიოდეს“.
„ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა… ჩვენ ვემზადებით ხელისუფლებაში მოსასვლელად, ეს არის უბრალოდ დროის საკითხი, რამდენ ხანში მოხდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა, სადაც გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა, მან ამომრჩევლის ხმების 59.42 % მოაგროვა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი მხარი ამომრჩევლის 40.48 %-მა დაუჭირა.
არჩევნებიდან მეორე დღეს, 29 ნოემბერს, ფილარმონიაში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. იდენტური მოთხოვნებით მათ 2 დეკემბერს პარლამენტის წინ აქციაც გამართეს.
არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს ქალაქ თელავში გაიმართება. ინაუგურაციის პარალელურად, დაგეგმილია გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)