საქსტატი: 2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 322.6 მლნ აშშ დოლარი იყო
„საქსტატის“ მიერ 10 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 322.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 48.2 %-ით ნაკლებია.
„შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება“, – განმარტა „საქსტატმა“.
2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი დამამუშავებელი მრეწველობის სფერომ მიიღო – 56.5 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 54.5 მლნ აშშ დოლარი; ენერგოსექტორი – 46.3 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 38.4 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 36 მლნ აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი – 21.2 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 14.4 მლნ აშშ დოლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 1.3 მლნ აშშ დოლარი.
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა – 49.7 მლნ აშშ დოლარი ნიდერლანდებიდან შემოვიდა. შემდეგ მოდის სამხრეთ კორეაში, აზერბაიჯანსა და თურქეთში დარეგისტრირებული კომპანიები, 40.2 მლნ, 33.1 მლნ და 32.1 მლნ აშშ დოლარით; პანამა 27.7 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 27.1 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 18.5 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 16.7 მლნ აშშ დოლარი; საფრანგეთი – 12.4 მლნ აშშ დოლარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 10.6 მლნ აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)