პრემიერი: მოქალაქეებისთვის ვალის ჩამოწერის სპეციალური ვებგვერდი დღეს ამოქმედდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოსახლეობისთვის ვალების ჩამოწერის პროცესის მიზნით, დღეს 18:00 საათიდან სპეციალური ვებგვერდი – vali.ge ამოქმედდება, სადაც პირველი ეტაპზე საკუთარი თავის გადამოწმებას მხოლოდ „საქართველოს ბანკის” „თი-ბი-სი ბანკის” და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები შეძლებენ.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის განმარტებით, მუშაობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და 15- დან 30 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. შავი სიიდან მოქალაქეების ამოღების პროცესი ეტაპობრივად დაიწყება. საუბარია დაახლოებით 600 ათას ადამიანზე.
„ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე, მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება შავი სიიდან და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ ქვეყნის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია „სიღარიბე, როგორც ყველაზე მტკივნეული გამოწვევა… იქნეს დაძლეული“.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, ჭარბვალიანობის შესახებ საუბარი არჩევნებამდე უფრო ადრე დაიწყო და მათი მცდელობა „ჩრდილი მიეყენებინათ“ ამ საკითხისთვის „არ გამოუვიდათ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)