პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს პარალამენტმა 13 დეკემბერს 91 ხმით 9-ის წინააღმდეგ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანოში 2019 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი 12 დეკემბერის სხდომაზე განიხილეს. მომავალი წლის ბიუჯეტი დეპუტატებს ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გააცნო და პროექტის წარდგენისას იმ ფინანსურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომლებიც საბოლოო დოკუმენტში პირველადი ვარიანტის შემდეგ აისახა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 4 ძირითადი მიმართულებით დაიგეგმა, ესენია: ადამიანური კაპიტალი, ფიზიკური კაპიტალი, ფინანსური კაპიტალი და უსაფრთხოება. მისივე თქმით, ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი ჯანდაცვისა და განათლების კომპონენტებზე კეთდება.
მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 12.86 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წარდგენასთან შედარებით, 104.7 მლნ ლარით ნაკლებია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 422.7 მლნ ლარით აჭარბებს. შემოსავლების მოცულობა 10.5 მილიარდს შეადგენს, ხარჯები კი – 9.6 მილიარდი ლარია.
მომავალ წელს მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 9.6 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს. 2019 წლის ბიუჯეტი გრანტების სახით 382.7 მლნ ლარს მიიღებს, რაც გადამუშავებულ ვერსიასთან შედარებით 14.2 მლნ ლარით მეტი, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 31.5 მლნ ლარით ნაკლებია.
მომავალი წლის ბიუჯეტში, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, წინა წლის მსგავსად, 4.5 %-ია, ინფლაციის მაჩვენებელი კი 3 %-ით განისაზღვრა. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით, ლარის კურსი 2.66 ნიშნულზეა გაანგარიშებული, რაც წინა წარდგენასთან შედარებით 0.04 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
2019 წლის საბიუჯეტო ასიგნებები 13.09 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წარდგენასთან შედარებთ, 92.4 მლნ ლარით მეტია, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი, 630.5 მლნ მლნ ლარით აჭარბებს.
2019 წლის ბიუჯეტის თანახმად, სამინისტროებზე დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდება:
- ფინანსთა სამინისტრო 2019 წელს 91 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც წინა წელთან შედარებით, 8.7 მლნ ლარით მეტია;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 369.5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წინა წარდგენასთან შედარებით, 24.8 მლნ ლარით მეტია (2018 წელი – 229.5 მლნ);
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომავალ წელს ბიუჯეტიდან 2 მილიარდ ლარს მიიღებს. ეს თანხა ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიასთან შედარებით, 35 მლნ ლარით მეტია. თანხის დიდი ნაწილი – 1.3 მილიარდი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება (2018 წელი – 1.8 მილიარდი);
- იუსტიციის სამინისტრო 2019 წელს 181.1 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც წინა წარდგენის მაჩვენებელს 5.3 მლნ ლარით ჩამორჩება (2018 წელი – 177 მლნ);
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 3 968 მლნ ლარი იქნება, რაც ბიუჯეტის წინა ვერსიაზე 31.4 მლნ ლარით მეტია, აქედან 2 მილიარდ 784 მლნ ლარი მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე დაიხარჯება, 1.9 მილიარდი კი საპენსიო უზრუნველყოფაზე დაიხარჯება (2018 წელი – 3.6 მილიარდი);
- საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი წინა წარდგენის მსგავსად 136.5 მლნ ლარი იქნება (2018 წელი – 120.9 მლნ);
- თავდაცვის სამინისტრო 2019 წლის ბიუჯეტიდან 875 მლნ ლარს მიიღებს. ეს თანხა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, 5 მლნ ლარით მეტია (2018 წელი – 802 მლნ);
- შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი წინა წარდგენასთან შედარებით 97.6 მლნ ლარით გაიზარდა და 741.6 მლნ ლარით განისაზღვრა (2018 წელი – 652.2 მლნ);
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი 338.9 მლნ ლარი იქნება, რაც ბიუჯეტის წინა ვერსიას 6.6 მლნ ლარით აღემატება (2018 წელი – 274.8 მლნ);
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წელს 1.5 მილიარდი ლარით დაფინანსდება. აღსანიშნავია, რომ უწყების დაფინანსება ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით 14.2 მლნ ლარით ნაკლებია. აქედან 750.5 მლნ ლარი სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე დაიხარჯება, 48.7 მლნ ლარი პროფესიულ განათლებას მოხმარდება, უმაღლესი განათლების მიმართულებით კი, 170 მლნ ლარი დაიხარჯება (2018 წელი – მილიარდ 461 მლნ);
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი წინა წარდგენასთან შედარებით 115 ათასი ლარით გაიზარდა და საბოლოო ჯამში, 2 965 000 ლარით განისაზღვრა (2018 წელი – 1.9 მლნ).
წინა წლის მსგავსად, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დაზვერვის სამსახურის დაფინანსება 13.5 მლნ ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტიდან 136 მლნ ლარს მიიღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
წინა წარდგენასთან შედარებით, უცვლელი – 64.7 მლნ ლარი დარჩა პარლამენტის დაფინანასება. 3.8 მლნ ლარით, 6 მლნ ლარამდე შემცირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება, 140-დან 60-მდე იკლო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რიცხვმაც. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი, საერთოდ გაუქმდა. ბიუჯეტის წინა ვერსიაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარით იყო განსაზღვრული.
წინა წარდგენასთან შედარებით, 1 მლნ ლარით გაიზარდა მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება და 16.8 მლნ ლარი გახდა. უცვლელი დარჩა მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც 50 მლნ ლარს შეადგენს.
2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლო ბიუჯეტიდან 4.1 მილიონ ლარს მიიღებს, უზენაესი სასამართლო 9.5 მლნ ლარს, საერთო სასამართლოების დაფინანასება კი 77.7 მლნ ლარი იქნება.
მომავალ წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიუჯეტიდან 27.5 მლნ ლარით დაფინანსდება. ბიუჯეტიდან 6.4 მლნ ლარს მიიღებს სახალხო დამცველი. წინა წარდგენასთან შედარებით, 300 ათასი ლარით შემცირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანასება და საბოლოოდ 58.2 მლნ ლარით განისაზღვრა.
წინა წლის მსგავსად, 2019 წლის ბიუჯეტიდან 25 მლნ ლარს მიიღებს საქართველოს საპატრიარქო.
2019 წლის ბიუჯეტი საკანონმდებლო ორგანოში 12 დეკემბერს უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, გუშინ ქვეყნის მთავარი დოკუმენტის მიღება ვერ მოხერხდა და პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრა ერთი დღით გადადო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)