1918: იწყება სომხეთ-საქართველოს ომი

1918 წლის დეკემბრის პირველივე რიცხვებიდან ლორეში ახლდება სომხურ-ქართული დაპირისპირება, რომელიც ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. ისტორიულ პრინციპზე დაყრდნობით, ქართული მხარე ახალქალაქს, ლორესა და ბორჩალოს მაზრას საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევდა, სომხური მხარე კი ეთნიკურ პრინციპზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ეს მიწები სომხეთის სახელმწიფოს უნდა დაეკავებინა, რადგანაც იქ მცხოვრებთან უმრავლესობა ეთნიკურად სომხები იყვნენ.

ჯერ კიდევ 1918 წლის ოქტომბერში ოსმალური ჯარების ლორიდან გასვლას მცირე შეიარაღებული სომხურ-ქართული დაპირისპირება მოჰყვა, რაც მალევე განიმუხტა. ნოემბერში კი ქართული მხარის დიპლომატიური მცდელობები, კონფლიქტი თბილისში გამართულ კონფერენციაზე დარეგულირებულიყო, უშედეგო აღმოჩნდა. 

ლორეში, სომხური აჯანყება სოფელ უზულარში დაიწყო დეკემბრის პირველ რიცხვებში. თავდამსხმელებმა მოკლეს ერთი ქართველი ჯარისკაცი და დანარჩენები შეიპყრეს. გენერალმა წულუკიძემ აჯანყების ჩასახშობად რაზმი გაგზავნა, თუმცა უშედეგოდ. მომდევნო დღეებში ალავერდთან ახლოს, სოფელ სანაინთან წულუკიძის შტაბი სომხურმა ჯარებმა ალყაში მოაქციეს. 13 დეკემბერს პარლამენტში სამხედრო მინისტრი გიორგაძე საუბრობს შეიარაღებულ თავდასხმაზე. ამდენად, ქართულ პრესაში ცნობები ჩნდება სამხედრო დაპირისპირების შესახებ. იხილეთ გაზეთ “ერთობა“-ში დაწერილი ცნობა საიანთან მომხდარ შეტაკებაზე.

 

(“ერთობა“, N270, 14 დეკემბერი, 1918 წ.)

სანაინთან მომხდარ შეტაკების გარშემო

მთავრობის განცხადება პარლამენტში

13 დეკემბრის სხდომაზე პარლამენტში სამხედრო მინისტრმა გრ. გიორგაძემ შემდეგი განაცხადა: 9 დეკემბერს მივიღეთ ცნობები, რომ სანაინთან ჩვენს რაზმს თავს დასხმია ადგილობრივი სომეხი მცხოვრებლები და სროლა აუტეხიათ. ამ სროლის დროს დაუჭრიათ ერთი ჯარისკაცი, რომელიც მეორე დღესვე გარდაცვლილა. შემდეგ სომეხთა რაზმები (როგორც გამოირკვა შემდეგ, ნასალდათევი ხალხი) თავს დასხმია ჩვენს სადარაჯო რაზმს და 15 ჯარისკაცი მოუკლავთ, ხოლო 14 დაუჭერიათ. მდგომარეობის გამოსარკვევად გავგზავნეთ დელეგაცია.

გამოირკვა, რომ თავდამსხმელები არიან სომხის რეგულიარული ჯარის ნაწილები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ პოლკოვნიკები და ოფიცრები. მათ კარაკლისს, უზურალას და ვორონცოვკას შორის აქვთ ტელეფონით კავშირი და სრული სამხედრო თანხმობა. ამ მიდამოებში არის შტაბები, რომლებიც სამხედრო მოქმედებას ხელმძღვანელობენ. ჩვენ გვაქვს აგრეთვე დეპეშა, რომელიც ერთი ადგილიდან გაუგზავნია სომხის ჯარის ნაწილს მეორე ნაწილისათვის, რომლითაც სთხოვს მეორე ნაწილს აცნობოს საქართველოს ომი გამოვუცხადეთ თუ არაო, ჩვენ მზათა ვართო. დღეს დილით ცნობა მოვიდა, რომ ვორონცოვკასთან ისინი თავს დაესხნენ ჩვენ რაზმს. სანაინის მიმართულებით გზა გააფუჭეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევ. გეგეჭკორმა განაცხადა, რომ 6 დეკემბრიდან ჩვენ არავითარი ცნობა არ მიგვიღია სომხეთიდან. სანაინით დეპეშები არ მოდის. წინანდელი ცნობების მიხედვით არავითარი უფლება არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ სომხის ჯარის ნაწილები, რომელნიც ჩვენს რაზმებს თავს დაესხნენ, მოქმედებენ სომხეთის მთავრობის თანხმობით და ხელმძღვანელობითო.

სომეხთა დელეგაციის ცნობა.

სომეხთა ეროვნულმა საბჭომ 12 დეკემბერს შემდეგი დეპეშა მიიღო ალავერდიდან: „დელეგაცია მშვიდობიანათ ჩავიდა ალავერდში, სად. ახპატში მოწვეულ იქნენ ახლო მდებარე სოფლების წარმომადგენელნი. დელეგაცია ღებულობს ყოველივე ზომებს. იმედი გვაქვს საქმის მშვიდობიანათ მოგვარების. სომხეთის მთავრობის დელეგაცია ბ ნ მდივანთან ერთად, რომელიც გაჩერებული იყო გზების გაფუჭების გამო სად. კობერში მონაწილეობას ღებულობს საქმის მოგვარებაში.