ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 46-ე რაუნდი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 46-ე რაუნდი 11-12 დეკემბერს გაიმართა.
თბილისის პოზიცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე.
განცხადების თანახმად, საქართველოს მონაწილეებმა ისაუბრეს „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, ასევე მილიტარიზაციის პროცესზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე.
„ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
მოლაპარაკებების დროს „განსაკუთრებული აქცენტი“ გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარული მკვლელობის ფაქტებზე და „აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებაზე“.
სამინისტრის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხებს.
„აღინიშნა, რომ არსებული დისკრიმინაციული შეზღუდვები და შედეგად ადგილზე შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფრთხეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ კვლავ ვერ მოხერხდა დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა რუსული მხარის, ასევე სოხუმის და ცხინვალის მონაწილეების „დესტრუქციული პოზიციის“ გამო, რომელთაც აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები დატოვეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეები და თანამოდერატორები ისევე, როგორც აშშ-ის წარმომადგენლები ერთიანი იყვნენ ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარების გამოსწორების აუცილებლობის საკითხში“.
რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის პოზიციები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილემ, საქართველოს გარდა, სიტუაცია „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებზე“ შეაფასა როგორც „საერთო ჯამში სტაბილური“. სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით რაიმე სერიოზულ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მონაწილეები მიესალმნენ ცხინვალის გადაწყვეტილებას, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში განაახლოს მონაწილეობა. „ამასთან დაკავშირებით, რუსულმა მხარემ მოუწოდა თანათავმჯდომარეებს, რომ ამ შეხვედრების დაბალანსებული და დეპოლიტიზირებული დღის წესრიგის ფორმირებას შეუწყონ ხელი. გალის IPRM-ის შეხვედრებიც დიდწილად ამაზეა დამოკიდებული“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვმა ასევე აღნიშნა „პრინციპულად განსხვავებული შეხედულებები“ დაფიქსირდა ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით.
„რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ რეგიონული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის და ნატოს აქტიურობა წარმოადგენს, მათ შორის ვაშინგტონის და თბილისის გეგმები ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციის, ასევე 2019 წელს მორიგი მსხვილმასშტაბიანი სწავლებების ჩატარების თაობაზე“, – განაცხადა საგარეო უწყებამ და მოუწოდა თბილისს, რომ შეწყვიტოს სხვისი ინტერესების გატარება და სანაცვლოდ მეზობლებთან ურთიერთობების დალაგებას შეეცადოს.
რუსეთის საგარეო უწყებამ დაგმო ნატოს გენერალური მდივნის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ნატოში საქართველოს წევრობის თაობაზე გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ „სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო დაპირებებმა უბიძგა თბილისს სამხედრო ავანტიურისკენ 2008 წლის აგვისტოში“.
სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოხატა უნდობლობა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მიმართ, რომელსაც რუსეთი ბოლო დროს ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში ადანაშაულებს.
ცხინვალმა და სოხუმმა მოსკოვის გზავნილები გაიმეორეს და შეშფოთება გამოხატეს ნატოსთან და აშშ-სთან საქართველოს თანამშრომლობის გამო. სოხუმის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათი პოზიცია გალში IPRM-ის ფორმატის აღდგენის თაობაზე უცვლელი რჩება.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების შეფასებები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ დისკუსიები „სამუშაო გარემოში“ გაიმართა.
მათი თქმით, თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა „ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შეაფასეს როგორც მშვიდი და სტაბილური“ და ხაზი გაუსვეს IPRM-ის შეხვედრების მნიშვნელობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების საქმეში. „ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს IPRM-ის რეგულარული შეხვედრების განახლებისკენ მოუწოდეს როგორც ერგნეთში, ისე გალში“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მონაწილეებმა ძალის არგამოყენების პრინციპის მიმართ ერთგულება დაადასტურეს და შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ ამ საკითხის დეტალური განხილვა.
ადგილზე ჰუმანიტარული სიტუაციის განხილვისას, მონაწილეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის უგზოუკვლოდ დაკარგულების, თავისუფალი გადაადგილების, ჯანდაცვის, განათლების, დოკუმენტების, საარსებო წყაროს და ეკოლოგიური პრობლემების თაობაზე. „სამწუხაროდ, ზოგიერთმა მონაწილემ შეხვედრა დევნილთა საკითხის განხილვამდე დატოვა“, – განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებს „დღის წესრიგის ყველა საკითხში კონსტრუქციული ჩართვისკენ“ მოუწოდეს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)