საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა

16 დეკემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა, რის შედეგადაც ქვეყანა შერეული საპრეზიდენტო სისტემიდან მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადადის.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები უქმდება და ქვეყანა მთლიანად პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადადის. ახალი კონსტიტუცია კიდევ უფრო ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას – ეს პროცესი 2010 წელს მიღებული ცვლილებებით დაიწყო.

ქვემოთ მოცემულია საქართველოს ახალი კონსტიტუციის ძირითადი პუნქტები:

პრეზიდენტი

  • პრეზიდენტი კვლავ რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში; თუმცა მას აღარ ევალება, რომ „კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირება“;
  • პრეზიდენტი კარგავს უფლებას, რომ „მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა მოითხოვოს და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში“;
  • პრეზიდენტი აღარ აირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით, 2024 წლიდან მას 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელთა შორის იქნებიან დეპუტატები, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები;
  • პრეზიდენტი პარლამენტის სასახლეში წინასწარი დებატების გარეშე 5 წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მაქსიმუმ ორი ვადით;
  • საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან (ნაცვლად მანამდე არსებული 35 წლისა), რომელსაც საქართველოში 15 წელი მაინც უცხოვრია. თუმცა, კანდიდატს არჩევნებამდე ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრება აღარ მოეთხოვება;
  • ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც „სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის“ იქმნება და რომელსაც, წინა კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, აღარ იარსებებს. სანაცვლოდ, ახალი კონსტიტუციით, ეროვნული თავდაცვის საბჭო შეიქმნება, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს, კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციას განახორციელებს. ეროვნული თავდაცვის საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური.

პარლამენტი

  • პარლამენტი მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადადის. პარლამენტის წევრთა გაუნაწილებელი მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელთაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მაინც მიიღეს;
  • საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ იქნება შესაძლებელი;
  • ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებულ დეპუტატებს მხოლოდ ერთი საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბება შეეძლებათ;
  • კანდიდატის ასაკი არსებული 21 წლიდან 25 წლამდე იზრდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, სადაც ამომრჩევლები 73 დეპუტატს მაჟორიტარული წესით, ხოლო დარჩენილ 77 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 3 %-მდე მცირდება და პარტიები საარჩევნო ბლოკების შექმნას შეძლებენ.

პრემიერ-მინისტრი/მთავრობა

  • პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობებს განსაზღვრავს და თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს;
  • პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშეა. წელიწადში ერთხელ ის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას პარლამენტს წარუდგენს.

სხვა დებულებები

  • გარდამავალი დებულებების 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;
  • ქუთაისი აღარ იქნება პარლამენტის განთავსების ადგილი;
  • ქორწინება განისაზღვრა, როგორც კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის ოჯახის შექმნის მიზნით;
  • პროკურატურა აღარ დაექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს, ის დამოუკიდებელი ორგანო გახდება და ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება. ამ ორგანოს პარლამენტის მიერ ექვსი წლის ვადით არჩეული მთავარი პროკურორი უხელმძღვანელებს;
  • სახალხო დამცველი ექვსი წლის ვადით აირჩევა. ომბუდსმენად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.
პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია 2017 წლის 26 სექტემბერს, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიიღო. დამატებითი ცვლილებები კონსტიტუციაში 2018 წლის 22 მარტს შევიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)