რესპუბლიკის მთავრობა სომხეთთან ომის გამო მოქალაქეებს მიმართავს

„საქართველოს რესპუბლიკა“, N117, 17 დეკემბერი, 1918

საქართველოს მთავრობისაგან

სომხეთის ჯარი მუხანათურათ შემოესია ჩვენს საზღვრებს. დაჟლიტეს და დაატყვევეს სანაპირო რაზმები, დაანგრიეს რკინის გზა და შესწყვიტეს სომხეთ-საქართველოს შორის ტელეგრაფიული კავშირი.

ძმათა შორის სრულიად მოულოდნელად სისხლი დაიღვარა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა თავიდანვე ცდილობდა ამიერკავკასიის ერთა შორის სოლიდარობის დამყარებას და ყოველ სადავო კითხვების შეთანხმებით გადაჭრას.

ამ მიზნით მან თავს იდვა ამიერ-კავკასიის რესპუბლიკების კონფერენციის მოწვევა, სადაც ისინი სხვათა შორის ხელშეკრულობას დასდებდნენ, რომლის თანახმათ ყველა სადავო კითხვები, მათ შორის საზღვრების შესახებ, შეთანხმებით უნდა გადაჭრილიყო, ხოლო თუ ეს  ვერ მოხერხდებოდა, საბოლოო განაჩენი ორივე მხრისათვის სავალდებულო არბიტრაჟს უნდა გამოეტანა. ასეთია დემოკრატიულ სახელმწიფოთა დიდი ხნის მისწრაფება, აქეთკენ მიილტვიან ამ ჟამათ ყველა დემოკრატიული ქვეყნები.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ კონფერენციაზე თავის წარმომადგენელთა გამოგზავნა არ მოისურვა და მოითხოვდა საქართველო-სომხეთის შორის სადავო კითხვების წინასწარ გადაჭრას. ჩვენ ეს წინადადებაც მივიღეთ და სომხეთ-საქართველოს წინასწარ კონფერენციის გახსნას ვუცდიდით. ამიტომაც ათ ნოემბრიდან რამოდენიმეჯერ გადადებულ იქნა ამიერ-კავკასიის სახელმწიფოთა კონფერენცია.

ჩვენ დღიდან-დღე ველოდით ერევნიდან სომხეთის წარმომადგენელთა ჩამოსვლას, მაგრამ ერევანში გაიმარჯვა სამხედრო პარტიამ, რომელიც თავიდანვე წინააღმდეგი იყო სადავო კითხვების მორიგებით გათავებისა და სომხეთის და საქართველოს დემოკრატიას თავს დაატყდა ახალი უბედურება:

9 დეკემბერს, სოფელ უზუნლიარში თავს დაესხნენ ჩვენს სანაპირო რაზმის ჯარისკაცთ, შემდეგ დაატყვევეს და გაჟლიტეს ჩვენი რაზმები კობერსა და კორინჯში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საქმე გვქონდა შინაურ ანარქიასთან და ამიტომაც ფართო სამხედრო მოქმედება არ დაგვიწყია. მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ გამოირკვა, რომ ამ ოპერაციებს სომხეთის ჯარის ოფიცრები მეთაურობდნენ.

მიუხედავათ ამისა ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო უპასუხისმგებლო ჯგუფის დანაშაული, ვინაიდან დაუჯერებლათ მიგვაჩნდა მეზობელი რესპუბლიკის მიერ ორივე ქვეყნის დემოკრატიისათვის ასეთი საბედისწერო ნაბიჯების გადადგმა. ასეთ რწმუნებას საფუძველს აძლევდა სომხეთ-საქართველოს ორი ათასი წლის ისტორია, რომელსაც არ ახსოვს ამ ერთა შორის ომი და სისხლის ღვრა; პირიქით, ისინი ხელი-ხელ ჩაკიდებულნი საერთო ძალ-ღონით ებრძოდნენ აღმოსავლეთის დესპოტთა ურდოებს.

ასეთი იყო საქართველოს მთავრობის შეხედულება, როცა ჩვენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბ. ტიგრანიანის ხელმოწერილი ულტიმატუმი მივიღეთ, რომელშიაც ერევნის მთავრობამ სომხებით დასახლებული ბორჩალოს და ქართლის გარეშე რაიონების დაუყოვნებლივ დაცლა მოითხოვა.

ჯერ შემოსევა, მერე ულტიმატუმი: ნაცვლად კონფერენციისა და მორიგებისა!

ომი და სისხლი!

ჩვენ მივიღეთ ყოველივე ზომები მშვიდობიანობის დასაცველად და სამხედრო მოქმედების თავიდან ასაცილებლად, და ეს მის შემდეგაც, რაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთაგან რამდენიმე ათეული მუხანათურად გაჟლიტეს და ტყვედ წაიყვანეს! და ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვსურდა და გვსურს დასავლეთ ევროპისა და ამერიკის დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ერთად ომის საბოლოოდ მოსპობა და ხალხთა შორის სოლიდარობის განმტკიცება.

სამწუხაროდ, მეზობელ რესპუბლიკის მეთაურები ფეხქვეშ სთელავენ დემოკრატიულ საუკეთესო ტრადიციებს, ორივე სახელმწიფო ანარქიის გაძლიერებით ემუქრებიან, მათ კულტურას ძირს უთხრიან და მსოფლიო ომის დამთავრებისას ახალი ომის აჩრდილს იწვევენ.

საქართველოს მთავრობას ამ დანაშაულში არავითარი მონაწილეობა არ მიუძღვის, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის მთავრობას.

მაგრამ სამხედრო მოქმედება უკვე დაიწყო.

წინასწარ დარაზმული სომხეთის ჯარები ჩვენს დაბა-სოფლებს და ქალაქებს ემუქრებიან.

რომ თავიდან ავიცდილოთ ქვეყნის აოხრება, ჩვენ აუცილებელ საჭიროებათ ვსცანით ფართო სამხედრო ზოების მიღება.

ყველა მოქალაქე, განურჩევლათ ეროვნება სარწმუნოებისა, ვალდებულია შეასრულოს თავისი ვალი სახელმწიფოს წინაშე.

 

მოქალაქენო!

საქართველოს ხალხი მუდამ ცნობილი იყო თავის რაინდობით და მოქალაქეობრივ უფლებათა შეგნებით.

ჩვენ მივმართავთ მოქალაქეთა ამ გრძობებს დაიმედებული, რომ ჩვენი რესპუბლიკის ფარგლებში სამხედრო მოქმედების დროსაც კი მტკიცეთ დაცულ იქნება ყველა მცხოვრებთა, განურჩევლათ ეროვნება სარწმუნოებისა, უფლებანი.

სამხედრო მოქმედების დაწყებით ანარქიის გაჩაღებას ცდილობენ. არ წამოეგოთ ჩვენი რესპუბლიკის მტერთა ანკესზე! დაიცავით სრული სახელმწიფოებრივი წესრიგი!

დეე იცოდეს თვითოეულმა მოქალაქემ, რომ საქართველოს მთავრობა ებრძვის არა სომხის ერს, არამედ ერევნის იმ სახედრო ჯგუფს, რომელმაც ძმათა სისხლის ღვრა გამოიწვია!

საქართველოს დემოკრატია მომხდურთ, მთელ თავის ძალ-ღონეს დაუპირირდაპირებს, და ფეცქვეშ გათელილ სამართლიანობას სულ ახლო მომავალში აღადგენს და აიძულებს მოწინააღმდეგეს იცნოს დემოკრატიის მიერ წამოყენებული პრინციპი – სადაო კითხვები სახელმწიფოთა შორის გადაწყვეტილ იქმნას მშვიდობიანი მორიგებით და არა ხმლით.