პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურები წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 დეკემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატურა წარადგინა. მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ასევე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომელი მარიამ შელეგია.
სალომე ზურაბიშვილი 20 დეკემბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურები სწორედ მათთან კონსულტაციების შემდეგ დაასახელა.
20 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს ოთხი კანდიდატურა შესთავაზეს. არასამთავრობოების განმარტებით, თავად პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატურა არ ჰყოლია. სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატებს შორის ასევე იყო ცესკოს მოქმედი მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც მოგვიანებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტებით, შეხვედრაზე ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია იყო მიწვეული, რომელიც საარჩევნო თემატიკაზე მუშაობს. პრეზიდენტთან შეხვედრას არ ესწრებოდნენ „საერთაშროსიო გამჭვირვალობა საქართველოსა“ (TI) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადობის“ (ISFED) წარმომადგენლები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ Civil.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ მათ შეხვედრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 2 საათით ადრე მიიღეს და იქიდან გამომდინარე, რომ მთელი გუნდი სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფებოდა, შეხვედრაზე მისვლა ვერ მოახერხეს. თუმცა, მათი შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სამოქალაქოს სექტორთან კონსულტაციები ფორმალური ხასიათის იყო.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრა ნაჩქარევად დაიგეგმა და მათ ამის შესახებ დაახლოებით 2 საათით ადრე შეატყობინეს, უკვე დაგეგმილი დღის წესრიგის შეცვლა ვერ მოხერხდა და შეხვედრაზე მათი წარმომადგენლის არდასწრების მიზეზიც სწორედ ეს იყო.
მისივე შეფასებით, ზოგადად, მთელი ეს პროცესი ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობდა და არასამთავრობოებთან კონსულტაციაც ფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, ამ ფორმატში რეალურ კონსულტაციებში ჩაბმა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ განსაზღვრულ ვადაში ცესკო თავმჯდომარეს ვერ აირჩევს, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, იმავე კანდიდატურებისგან, 7 დღის ვადაში აირჩევს თავმჯდომარეს.
თამარ ჟვანია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. არსებული კანონი მისი მეორე ვადით არჩევას არ ზღუდავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)